“federal 1”-ის “ბანიერში” მოთამაშე, “ლელოს” აღზრდილმა ბურჯმა გიორგი მჭედლიშვილმა საფრანგეთის თოპ 14-ის “მონპელიესთან” კონტრაქტი გააფორმა და სეზონის დარჩენილ ნაწილს მამუკა გორგოძისა და მიხელ ნარიაშვილის გუნდში გაატარებს.
27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2008 წლიდან მოღვაწეობს, მაგრამ ასეთი დონის გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან თითო-თითო სეზონი “მონტობანის” ესპუარებში და მერე მესამე დივიზიონის გუნდებში - “ვალანს დაჟენში”, “ბეზიეში”, “დიჟონში”, “სენტ-ჯუნიენში” და “ბანიერში” გაატარა. ამ უკანასკნელს ის სეზონის წინ შეუერთდა და 12 მატჩში 1 ლელო გაიტანა, ერთხელ კი, ყვითელი ბარათით დაისაჯა.
თავის მხრივ, “მონპელიე” საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე 66 ქულით პირველ ადგილზეა. ახლახანს მისი პირველხაზელი დაშავდა და მჭედლიშვილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიმატა.