ფეხბურთი

16:24 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის საინტერესო რჩევა: “დათანხმდით ნაკლებ ხელფასს და ევროპას!”

“6 თვეში ფრანგულ პასპორტს ავიღებ”


ამჟამად რამდენიმე საინტერესო ქართველი ფეხბურთელია უკლუბოდ და მათ შორის გიორგი მაკარიძეცაა. 23 წლის ქართველ მეკარესა და ფრანგულ “ლე მანს” შორის ხელშეკრულება ივნისში გაწყდა – მას შემდეგ, რაც კლუბი მესამე ლიგაში გავარდა. მაკარიძე თითქმის 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა “ლე მანში”, რომელიც უძლიერესთა ლიგაშიც იყო და მაკარიძეს იქაც მოუწია რამდენიმე თამაშის ჩატარება.

რას აპირებს გიორგი და სად გააგრძელებს კარიერას – “მსოფლიო სპორტი” მას საფრანგეთში დაუკავშირდა:

-       საფრანგეთში ვარ და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ჯერჯერობით, უკლუბოდ ვარ.

-       ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა თქვენი უკლუბოდ ყოფნა?

-       არაევროკავშირელის ფაქტორი მოქმედებს. ლიმიტია, თან მეკარისთვის უფრო ძნელია კლუბის მონახვა. 6 თვეში ფრანგულ პასპორტს ავიღებ და მერე შედარებით გაიოლდება კლუბში ჩარიცხვა. მანამდე, პასპორტის გამო, ალბათ, საფრანგეთის მესამე ლიგის რომელიმე გუნდში ვითამაშებ. 5 წელი შესრულდება, რაც აქ ვარ და ამიტომ...

-        “ლე მანში” დაბრუნება გამორიცხულია?

-       დიახ. კლუბი გაკოტრდა და სამოყვარულო ლიგაში აქვეითებენ. მეორე ლიგის გუნდებიდან ველოდები წინადადებებს და თუ არ იქნება, მესამეში ვითამაშებ.

-       გასაგებია. ისე, სხვა ქვეყნის კლუბებიდან არ გაქვთ ვარიანტები?

-       პოლონეთის, რუმინეთისა და ასეთი დონის ჩემპიონატებიდან იყო, თუმცა “სტიაუას” დონის გუნდიდან არა. ახლა აზრი აღარ აქვს, მაინც საფრანგეთში დავრჩები 6 თვით. წამყვან ჩემპიონატში მსურს თამაში და ქართული პასპორტით ამის გაკეთება ძნელია. ევროკავშირელზე ორი თავით მაღლა უნდა იდგე, რომ გამჯობინონ. და ამ 6 თვის გამო არ ღირს სხვაგან წასვლა. 

-       კარგია, რომ დასავლეთევროპულ კლუბში დარჩენა გსურთ.

-       ჩემი მოკრძალებული რჩევა: ყველა ქართველ ფეხბურთელს ვურჩევ, ევროპაში წამოვიდეს და დათანხმდეს ნაკლებ ხელფასს, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში იძლევიან კარიერის დასაწყისში. სხვაგვარად ეროვნულ ნაკრებს არაფერი ეშველება. რაც კახა კალაძემ ფეხბურთს თავი დაანება, არცერთი ქართველი მოთამაშე არ იციან საფრანგეთში და მგონი, სხვა წამყვან ქვეყნებშიც. ძალიან გამიხარდა გიორგი ილურიძის გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთსა და უკრაინას ხორვატიის “ჰაიდუკი” არჩია. მიბაძონ მას! იმედი მაქვს, ილურიძე მომავალში ძლიერ გუნდში მოხვდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109741