ფეხბურთი

12:37 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “სპლიტში ფრე საკმაოდ კარგი შედეგი იქნება”

გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის აზრით, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად სპლიტის “ჰაიდუკთან” გასამართ მატჩში, ქართული გუნდისთვის ფრე კარგი შედეგი იქნება. გორელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ, დევდარიანმა “ჰაიდუკი” –“დილას” დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მასთან ერთად “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე დაესწრო.

-ხვალ როგორ შედეგს ელით?

გიორგი დევდარიანი: “ჩვენ გაგვეხარდება შემდეგ ეტაპზე თუ გავალთ. ვფიქრობ, სპლიტში ფრე საკმაოდ კარგი შედეგი იქნება”

- “ჰაიდუკის” მთავარი მწვრთნელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მეორე მატჩს გასვლაზე თამაშობს, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მოწინააღმდეგეს რაიმე უპირატესობას აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მთლიანად ვეთანხმები მის მოსაზრებას. აქ ბედი ორი მატჩის ჯამში განისაზღვრება. პირველ შეხვედრას აქ ვითამაშებდით თუ თბილისში, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, ვფიქრობ მცირე უპირატესობა მაინც იმ გუნდს აქვს, რომელიც საპასუხო მატჩს საკუთარ კედლებში ატარებს

- “დილა” საპასუხო თამაშს თბილისში ჩაატარებს, არადა, ეს გუნდის მშობლიური ქალაქი არ არის. ხომ არ გიქმნით გარკვეულ დისკომფორტს და ეს ყველაფერი ხელს „ჰაიდუკს“ ხომ არ აძლევს?

- “დილა” ქალაქი გორის კლუბია, მაგრამ იქ თამაშის ჩატარება ვერ მოვახერხეთ. უკეთესი იქნებოდა საპასუხო მატჩი გორში ჩაგვეტარებინა, რადგან სტადიონზე თბილისთან შედარებით ბევრად მეტი გულშემატკივარი მოვიდოდა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრების გარეშე ნამდვილად არ დავრჩებით.

- “ჰაიდუკს” რამდენად კარგად იცნობთ? როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი საფრთხე ამ გუნდის რომელმა ფეხბურთელმა შეიძლება შეგიქმნათ?

- “ჰაიდუკის” რამდენიმე თამაში ვნახე. მინდა ავღნიშნო, რომ ამ გუნდის თამაში ცალკეული ფეხბურთელებზეა დამოკიდებული არაა. “ჰაიდუკი” გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, რაც ამ კლუბის მთავარი ღირსებაა. რა თქმაუნდა, რამდენიმე მოთამაშის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ, რომ კლუბის ძალა მის გუნდურ თამაშშია. 

- ალბათ, იცით ხვალ სტადიონზე რა ატმოსფეროც იქნება?

- რა თქმაუნდა, ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებოდით და ვიცით, რომ გულშემატკივრებიი თავის საყვარელ გუნდს მხურვალედ უქომაგებენ.

- როგორ ფიქრობთ, “ჰაიდუკი” დანიურ “ოლბორგზე” უფრო ძლიერი გუნდია?

ირაკლი მოდებაძე: “ვფიქრობ, რომ რაღაც კომპონენტებში “ჰაიდუკი” უფრო ძლიერია. თუმცა, ამას უფრო კარგად მთავარი მწვრთნელი გეტყვით. მე მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული”.

- როგორ მოგეწონათ “ჰაიდუკი” და ამ გუნდის მოთამაშეების შესახებ რას იტყოდით?

- მთლიანად გუნდი ძალიან მომეწონა. თვითონ ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კლუბი სერიოზულია და ძალიან მძიმე მატჩი გველის წინ.

თამაშამდე “დილამ” სპლიტელთა საშინაო არენა “პოლიუდზე” ივარჯიშა. წვრთნა 45 წუთი გაგრძელდა და ამჯერად, თანაგუნდელებთან ერთად ირაკლი მოდებაძეც დაიტვირთა. მომავალი მატჩში, 1 აგვისტოს 23 საათზე დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112155