გორის “დილა” თურქულ შეკრებას ასრულებს და საქართველოში ბრუნდება. გუნდმა 4 ტესტ-მატჩი ჩაატარა და 18 ივლისამდე თამაში აღარ ექნება. 18-ში კი გიორგი დევდარიანის გუნდი დანიურ “ოლბორგს” უმასპინძლებს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩში. “მსოფლიო სპორტი” დევდარიანს თურქეთში დაუკავშირდა – საინტერესოა, რა ცვლილებებია გუნდში, რამდენად კმაყოფილი დარჩა მწვრთნელი შეკრებით და რა პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც რთული იქნება.
- კმაყოფილი დავრჩი იმ დროის კვალობაზე, რაც გვქონდა. პირობები გადასარევი იყო. ერთადერთი, უფრო ძლიერი სპარინგ-პარტნიორები რომ გვყოლოდა, უკეთესი იქნებოდა. მთლიანობაში, “ჩიხურასთან” შედარებით, კარგი შეკრება გავიარეთ, თბილისის “დინამოსთან” შედარებით კი, ცუდი. განვლილი 4 მატჩით მსჯელობა რთულია, რადგან დიდი დატვირთვების ქვეშ ვითამაშეთ და დაღლილობის ფაქტორი შეიმჩნეოდა.
- “სიმურგთან” მატჩის ვიდეოები ვნახეთ და ორივეში უპირატესობა გქონდათ, განსაკუთრებით კი ეს მეორე შეხვედრაზე ითქმის. ორივეჯერ იგებდით და ფრეს დასჯერდით. რა იყო მიზეზი?
- სწორედ დაღლილობა. უპირველესი მიზეზი ეს იყო. ბოლო შეხვედრაში, თურქეთის გუნდთან კი 3:1 მოვიგეთ, მაგრამ არანორმალური მსაჯობაც იყო: გოლი გადიოდა, მეტოქის მცველი გადახტა და ხელით გამოიტანა ბურთი კარიდან, პენალტი კი არ დაინიშნა. არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო. ზოგადად, მსაჯებზე ლაპარაკი არ მინდა და არც მიყვარს. მთლიანობაში, უკმაყოფილო არ ვარ ჩემი გუნდის თამაშებით, მაგრამ რამდენად იქნება “ოლბორგთან” ეს საკმარისი, გამოჩნდება.
- ბოლო დღეებში რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ დამატებია გუნდს? ან ხომ არავინ წასულა?
- არა, დამატებული არავინაა და არა მგონია, “ოლბორგთან” მატჩამდე დავიმატოთ. არც არავინ წასულა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ არ ვიცი, რომელი ფეხბურთელი როდის დაგვტოვებს.
- კონტრაქტი ხომ აკავშირებთ?
- აკავშირებთ, მაგრამ იმ კონტრაქტში წერია, რომ თუ უცხოური კლუბი გამოჩნდება, “დილა” მათ ხელს არ შეუშლის. აი, ასეა საქმე.
- ხომ შეუძლია “დილას” ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ამ ფეხბურთელებს...
- სთავაზობს, მაგრამ ისეთს ვერა, რომ ფეხბურთელი დააკავო და უცხოეთზე ხელი ააღებინო. შარშან რა ბიუჯეტიც ჰქონდა კლუბს, ახლა მეხუთედამდეა ჩამოსული.
- შესაძლოა, “ოლბორგთან” მატჩამდე წავიდეს ვინმე?
- იმედია, ასე არ მოხდება. თუმცა, თავსატკივარი რომ გვაქვს, ფაქტია.
- ამ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში ვისაც მოიაზრებთ, მათი სრულფასოვანი შემცვლელები გყავთ? ანუ, რამდენად კარგი რეზერვია გუნდში?
- საკმაოდ კარგი. რომ არ ველოდი, ისეთი. “სიმურგთან” მეორე მატჩი მეორე შემადგენლობით ჩავატარეთ, მაგრამ ისეთი გემრიელი და დაწყობილი თამაში აჩვენეს ბიჭებმა, რომ გამიხარდა.
- ალადაშვილი და ღონღაძე - ორივე ნომინალურად მარჯვენა მცველია და ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოს ჩემპიონატში. ამ მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?
- თავიდან ღონღაძე მარცხენა მცველად დავაყენე, შემდეგ კი გურული ვათამაშე ამ პოზიციაზე და გაამართლა. ამ ვარიანტებს კიდევ იმიტომ ვამუშავებდი, რომ სათადარიგო გეგმა მქონოდა. ალადაშვილმა, შესაძლოა, დაგვტოვოს. იმედია, “ოლბორგთან” მატჩამდე არ წავა.
- რევიშვილი როგორ ფორმაშია?
- კარგად ითამაშა. პირველ მატჩში ეტყობოდა უთამაშებლობის პრობლემა, მაგრამ შემდეგ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუნდს კარგი მეკარე ჰყავს. განსაკუთრებით თურქულ გუნდთან შეხვედრაში.
- “ოლბორგის” მატჩის ვიდეოფირი ნახეთ?
- გავაგზავნეთ კაცი, რათა მისი ამხანაგური მატჩი გადაეღო, მაგრამ არ შეუშვეს. დახურული თამაშიაო.