7-13 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, როგორც უფროსებში, ასევე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი იმართება.
რა თქმა უნდა, გუნდშია ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ლუბა გოლოვინა და გიმარაეშში დადგმულ ბატუტზე მისგან წარმატებულ ასპარეზობასაც ველით, მაგრამ ამჯერად ყურადღებას ახალგაზრდულ ნაკრებზე გავამახვილებთ, რამეთუ აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატს “ნანჯინგი 2014”-ის სალიცენზიო დატვირთვაც აქვს.
კონტინენტის პირველობაზე თავის გამოჩენას და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას 6 ქართველი ბატუტზე მხტომელი შეეცდება, თუმცა გამოყოფილი კვოტის მიხედვით, ქვეყანას გოგონებშიც და ვაჟებშიც თითო-თითო ლიცენზია ერგება.
ღმერთმა ქნას, პორტუგალიაში, ყველა ჩვენებურმა, შეძლოს ლიცენზიის აღება, საამისოდ კი მინიმუმ ოთხეულში მოხვედრაა საჭირო, მაგრამ ნანჯინგში მხოლოდ ორი სპორტსმენი გაემგზავრება. არჩევანის გაკეთება კი ეროვნული ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის საქმე იქნება.
გიმარაეშის ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებში საქართველოს გუნდის ღირსებას ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ქრისტინე სორდია, ზურაბ ნოზაძე, ლაშა გაბაშვილი და ლია ხრიკული დაიცავენ. ნაკრების ლიდერი, უდავოდ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილია, რომელსაც ვფიქრობთ არა მხოლოდ ნანჯინგის ლიცენზიისთვის, არამედ ოქროს მედლისთვის ბრძოლაც ხელეწიფება.
რაც შეეხება ვაჟებს, აქ მთავარი აქცენტი ზურაბ ნოზაძეზე კეთდება და სპეციალისტთა თქმით, მას ოთხეულში ადგილის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.
www.geonoc.org.ge