ფეხბურთი

22:19 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "გაძლიერებისკენ სწრაფვა - ეს უწყვეტი პროცესია"

თურქული სპარინგები: "პანდური", "ტურნოვო", "ჩერნონმორეცი" და კიდევ ორი 


ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, "ზესტაფონმა" იაქტიურა. გია გეგუჩაძის გუნდი სრულიად გადასხვაფერდა და მეტწილად, ქუთაისის "ტორპედოდან" დაიმატა ფეხბურთელები. თანაც, დამატებაცაა და დამატებაც: თითქმის ყველა ახალწვეული ცნობადი სახეა და ჩვენს ჩემპიონატში ძლიერ მოთამაშეებად ითვლებიან.

მზადების პროცესსა და გეგმებზე, "მსოფლიო სპორტი" გია გეგუჩაძეს ესაუბრა:

- როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი? ჯერ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვებია თუ ბურთთან ვარჯიშებიც?

- ჯერჯერობით, ბურთთან ნაკლებად, რადგან ამინდიც არ გვიწყობს ხელს. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა ზესტაფონში და სანამ დადნება, ბურთთან ნაკლებად მიდის კონტაქტი. 30 იანვრამდე ადგილზე ვივარჯიშებთ, 31-ში კი თურქეთში წავალთ შეკრებაზე.

- თურქეთში წასვლამდე ამხანაგური მატჩებიც გექნებათ...

- 21, 24 და 29 იანვარს ვითამაშებთ. 21-ში "მერანს" ვეთამაშებით, დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

- თურქულ შეკრებაზე სპარინგ-მეტოქეების ვინაობა გარკვეულია?

- 5 მატჩი გვექნება და აქედან, 3 მეტოქე ცნობილია: რუმინული "პანდური", მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი "ტურნოვო" და ოდესის "ჩერნომორეცი".    

- საკმაოდ ბევრი ახალი ფეხბურთელი გყავთ და თუ დარჩა პოზიცია, რომლის გაძლიერებას აპირებთ?

- შეიძლება ითქვას, გუნდი დაკომპლექტებულია, თუმცა არაა გამორიცხული, კიდევ გადმოვიყვანოთ ფეხბურთელი. შესაძლოა, თავი შევიკავოთ. ეს მუშა, უწყვეტი პროცესია, რომელსაც კლუბი მიმართავს გასაძლიერებლად და მაღალი მიზნებისთვის.

- ეს მიზანი წლეულს სამეულში შესვლა და ევროტურნირებზე გასვლაა?

- რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ასეა. თუმცა, ჯერ ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და შემდეგ უკვე გააჩნია, ქულების რა მარაგით ვიქნებით.

- საკმაოდ "გრძელი სკამი" გეყოლებათ და ალბათ, როტაციის პრინციპსაც მიმართავთ.

- მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელის გამოცდას ვაპირებთ, შემდეგ კი, ვნახოთ, ვინ როგორ გამოიჩენს თავს, როგორ აუღებს ალღოს.

- ლეგიონერებიდან ვინმეს ხომ არ მოუწევს გუნდის დატოვება?

- როგორც იცით, რეკრუკთან გაწყდა ხელშეკრულება, დანარჩენები კი გუნდის წევრები არიან. სამწუხაროდ, სერბ იელიჩს აქვს ტრავმა და მარტის ბოლოს შემოგვიერთდება.

- ყველა ახალწვეულებთან გიმუშავიათ და კარგად იცნობთ – გამონაკლისი მხოლოდ დიმიტრი ტატანაშვილია. როგორც ვიცით, წინა წლებშიც გსურდათ მისი გადაყვანა.   

- დიახ, ტატანაშვილთან ადრე არასოდეს მიმუშავია. იყო პერიოდი, როცა მისი გადაყვანა გვსურდა და ვერ მოხერხდა. ძალიან კარგი ფეხბურთელი და დადებითი პიროვნებაა. ეს ჩანს ურთიერთობაში და ვარჯიშებზეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116618