სხვა

21:05 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდეა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შეჯიბრის მოკლე პროგრამა ჩატარდა, რომლის შედეგებითაც ქართველი ელენე გედევანიშვილი მე-7 ადგილზე იმყოფება.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 7 იანვარს 24 წლის გახდა, ბოლოსწინა ექვსეული გახსნა და მყის ლიდერი პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა, ცხადია, ჩემპიონატის ფავორიტები ელენეს შემდეგ გამოდიოდნენ და მისი მაჩვენებლები არაერთმა გოგონამ გააუმჯობესა.

გედევანიშვილმა საკმაოდ მაღალ დონეზე ისრიალა და ჯამში 54.78 ქულა (28.04 პუნქტი ტექნიკურ ელემენტებში, 26.74 პუნქტი პროგრამულ კომპონენტებში) მიიღო, რაც საბოლოოდ მე-7 პოზიციის შესაბამისი აღმოჩნდა.

უნდა ითქვას, რომ მოკლემ პროგრამამ ახალგაზრდა რუსი სპორტსმენების სრული ტრიუმფით ჩაიარა – მათ პირველი ოთხეულიდან სამი ადგილი დაისაკუთრეს.

შეჯიბრის პირველი ნაწილი 17 წლის ადელინა სოტნიკოვამ მოიგო 70.73 ქულით, მე-2 15 წლის იულია ლიპნიცკაია (69.97) იყო, მეოთხეზე კი ალიონა ლეონოვა (64.09) გავიდა. მესამე შედეგი (68.97) ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა აჩვენა, მის გარდა კი, გედევანიშვილს ფრანგმა მაე ბერენის მეიტემ (58.64) და იტალიელმა ვალენტინა მარკეიმ (57.38) გაასწრეს.

მოკლე პროგრამაში მონაწილეობა 37-მა გოგონამ მიიღო, რომელთაგან თავისუფალ პროგრამაში 24-მა საუკეთესომ გააღწია. “სიმა ჰოლში” ფინალური შეჯიბრი 17 იანვარს ჩატარდება და გედევანიშვილი ყინულზე მე-3 ექვსეულში მე-2 ნომრად გავა ანუ ჯამში მე-14 ნომერი იქნება, მის შემდეგ კი 10 სპორტსმენი იასპარეზებს.

http://www.youtube.com/watch?v=BGmnNmWxZ8s

0.14619