ფეხბურთი

19:20 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაწელილი ტურის ვნებანი

ჯაბა ჯიღაური ("ჩიხურა")

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გაწელილი, სამდღიანი 25-ე ტურის შემდეგ “ზესტაფონმა” ლიდერ “დინამოსთან” 2 ქულით შეამცირა სხვაობა, თუმცა ჯერაც გვარიანად ჩამორჩება. დინამოელებმა “ჩიხურასთან” ვერ მოიგეს. ბოლოს ამ გუნდებმა ფრედ 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში ეთამაშათ. მანამდეც და შემდეგაც ყველა თამაშში თბილისელებმა გაიმარჯვეს. თანაც დინამოელები ბოლო დროს დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც დაეჩვივნენ, წლევანდელ სეზონში, მაგალითად, 6:1 და 5:1 აჯობეს საჩხერელებს. ამიტომ, სავარაუდო იყო, რომ ამჯერადაც ბევრი გოლი გავიდოდა. მაგრამ, როგორც შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს უთხრა: გუნდს ეტყობოდა, რომ სრულად არ იყო მობილიზებული. ეს გარკვეულწილად წინა ტურში “ზესტაფონთან” მოგებული მატჩის შემდეგ გაჩენილმა თვითრწმენამ განაპირობა. თუმცა, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და წაგება ავირიდეთ თავიდან. მომავალში მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ყველა თამაშისთვისო.

საჩხერელებმა კი ზედიზედ 5 წაგების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვეს და კვლავაც მეოთხე ადგილზე რჩებიან. ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა ოთარ მარცვალაძემ. ოთარმა საჯარიმოში რამდენიმე მცველს დაახვია თავბრუ და ეფექტურად დაარტყა. წარმოგვიდგენია, სეზონის დასაწყისიდან რომ ეთამაშა საქართველოს ჩემპიონატში, უკვე რამდენი გოლი მოუგროვდებოდა...

ზესტაფონში კი მასპინძლებს მომხვდურ გურულებთან გაუჭირდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხეს. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში “გურიას” მცველმა, ლევან ქურდაძემ გაიტანა. ახლა მარგველები უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “დინამოს.”

კვლავ იყო მსაჯების მიმართ პრეტენზიებიც. “სპარტაკი” – “ზუგდიდის” შეხვედრაში არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ხუთ წუთში ორი პენალტი დანიშნა და თუ ზუგდიდელებს ნისი გადაწყვეტილება დიდად არ გაუპროტესტებიათ, იმავეს სპარტაკელებზე ვერ ვიტყვით. “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი წერს: “21-ე წუთზე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი თავის საჯარიმოდან ბურთის მოგერიებას აპირებდა, მაგრამ დავით კირკიტაძემ დაასწრო და “სპარტაკის” მარცხენა მცველის  ფეხის მოქნევის შემდეგ, სტუმართა გარემარბი მოედანზე დაეცა. ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდში ხიზანეიშვილმა კირკიტაძეს ფეხი ფეხში მოარტყა და პენალტი დადო. ცხინვალელთა უკანახაზელი მწვრთნელისკენ გაემართა და უმტკიცებდა, რომ მოწინააღმდეგეს არ შეხებია. თავის მხრივ კაჭარავა ძალიან გაცხარდა და ხარიტონაშვილს “ტკბილი” სიტყვები არ დააკლო, ბოლოს კი სამსაჯო კარიერის დასრულებითა და  სასტვენის “ერთ ადგილზე” გაკეთებით დაემუქრა.” თუმცა ბოლოს: “თამაშის დასრულების შემდეგ, კაჭარავას ემოციები ჩამცხრალი ჰქონდა და გასახდელისკენ მიმავალ მსაჯს ისეთი ტონით ელაპარაკებოდა, რომ  ხარიტონაშვილის კარიერაც გადარჩა და მისი სასტვენიც.”

მცხეთაში გააბრაზეს “მერანის” გულშემატკივრებიც, რომლებიც “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩის შემდეგ ძალიან აღშფოთებული იყვნენ. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ისინი მატჩის მთავარ მსაჯზე იყვნენ გაბრაზებულნი. მათი აზრით, არსენ ნონიკაშვილმა “სუფთა” პენალტი არ დანიშნა და მარტვილელებიც უქულოდ ამიტომ დარჩნენ. საერთოდაც, ნონიკაშვილსა და გვერდით მსაჯს ზაალ ბერულავას ლანძღვა-გინება არც შეხვედრის მსვლელობისას და არც მის შემდეგ დაკლებიათ. “მერანის” ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შეჭრასაც შეეეცადა, მაგრამ მისი ქმედება სტადიონის დაცვის ერთადერთმა წევრმა პოლიციელის დახმარებით აღკვეთა.

აი, ასე…

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქურდაძე (90 საკუთარ კარში) 

 

1               დინამო (თბ)              25              17            4             4              56:18            55
2 ზესტაფონი 25 14 4 7 33:16 46
3 სიონი 24 11 6 7 31:24 39
4 ჩიხურა 25 11 6 8 42:38 39
5 მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6 გურია 24 11 0 13 25:33 33

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87) 

გაძევება: თოდუა (17)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კალანდია (69) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 თუხარელი (16 პენალტით), 1:1 გუგუჩია (22 პენალტით)

 

1              დილა                               25                9               8             8                  34:26            35
2 ვიტ ჯორჯია 25 10 5 10 32:32 35
3 ტორპედო 25 9 5 11 25:36 32
4 სპარტაკი 25 7 4 14 22:33 25
5 ზუგდიდი 25 6 6 13 15:33 24
6 მერანი 25 5 4 16 18:43 19

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური ("ჩიხურა")

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.140291