გარდაიცვალა კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი ბალი. ის 56 წლისა გახლდათ. ბალი ფეხბურთს თამაშობდა კიევში, ბანიკოვის სახელობის სტადიონზე და უცებ გარდაიცვალა. როგორც უკრაინული პრესა წერს, გულის შეტევით.
ანდრეი ბალი კიევის "დინამოში" იმ დროს თამაშობდა, როცა ვალერი ლობანოვსკის გუნდს ოქროს ხანა ედგა. ის სსრკ-ის 4-გზის ჩემპიონი, 4-გზის თასის მფლობელი და თასების თასის მფლობელი (1986 წელს) გახლდათ.
ბალს საბჭოეთის ნაკრებში ერთი გოლი აქვს გატანილი: 1982 წლის მუნდიალზე, ბრაზილიის ბრწყინვალე ნაკრებთან დააწინაურა თავისიანები, თუმცა სსრკ 1:2 დამარცხდა.
ანდრეი ბალი ბოლოს კიევის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანაშემწე გახლდათ. ერთი პერიოდი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.