ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან, რომელთაც კალიფორნიის შტატის შეჯიბრება არაერთხელ მოუგიათ. შვეიცარიელმა ინდიან უელსში 2004, 2005, 2006 და 2012 წლებში იმარჯვა, სერბი კი ჩემპიონი 2008 და 2011 წლებში გახდა. წლევანდელ ნახევარფინალებს რაც შეეხება, ფედერერმა იოლად დაძლია უკრაინელი ოლეკსანდრ დოლგოპოლოვის წინააღმდეგობა, ჯოკოვიჩმა კი სამსეტიანი ორთაბრძოლის შედეგად გაიკვალა გზა გადამწყვეტი მატჩისკენ.
ფედერერს საათი ეყო დოლგოპოლოვის დასამარცხებლად. როჯერმა 6:3, 6:1 იმარჯვა, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “მოხარული ვარ მორიგი მოგებით. ასპარეზობის მსვლელობისას სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რაც საბოლოო წარმატების მიღწევაში დამეხმარა. ამ მოგებით მეტად თავდაჯერებული გავხდები. ბევრს ვმუშაობ ოპტიმალური ფორმის მისაღწევად, კორტზე აზარტულად ვთამაშობ და იმედია, სათანადო შედეგიც არ დაახანებს”.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელ ჯონ იზნერთან ურთულესი 2 სეტი გადაიტანა (7:5, 6:7), მესამეში კი დამაჯერებლად გამოიყურებოდა (6:1) და მეოთხედ ითამაშებს ინდიან უელსის ტურნირის ფინალში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ “ნოლემ” აშშ-ში იზნერთან ჩატარებული ორთაბრძოლებში პირველად გაიმარჯვა.
“ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ინდიან უელსში საჩემპიონო ტიტულის დაუფლება. აქ ხომ სეზონის პირველ “მასტერზ1000”-სს ვთამაშობთ და წარმატება მთელ წლის ასპარეზობებზე კარგად გამოსვლის სტიმულს გვაძლევს”, - განაცხადა 26 წლის სერბმა.