ფეხბურთი

22:32 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებამ ,,ტორპედოს’’ რწმენა დაუბრუნა

 

ქუთაისში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეროვნულ ჩემპიონატში კარგად აღებული სტარტის შემდეგ ტორპედოელებმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგეს და ექვსეულში მოხვედრა სათუო გაიხადეს. რაც შეეხება ცხინვალის ,,სპარტაკს’’, ისინი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და მათთვის თითოეულ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი ადევს.

მართალია, მატჩი მშრალ ამინდში გაიმართა, მაგრამ ცივი ქარი ჰქროდა და სიცივე იყო. იქნებ ამის ბრალიც იყო, რომ საკუთარი გუნდის საქომაგოდ მხოლოდ 500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა.

შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. საჯარიმოს მისადგომებიდან კაპანაძის ძლიერი გასროლა ოდნავ ასცდა მიზანს, თუმცა ქუთათურთა ეული ფორვარდის მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. რიონისპირელებმა ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. შეტევა კუხიანიძემ წამოიწყო, რომელიც ჯიქიამ გააგრძელა და საჯარიმოში შევარდნილ კაპანაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. მასპინძელთა ფორვარდმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ქუსლით ეფექტური დარტყმით ცხინვალელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.

ამის შემდეგ რიონისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენას შეტევაში ჩართული ზაზა ჭელიძე ცდილობდა. პირველ შემთხვევაში იგი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმა განახორციელა, მაგრამ სამიზნემ დააღალატა. მეორეჯერ კი გიგაურის ჩაწოდებულ კუთხურს თავური დარტყმით გამოეხმაურა, თუმცა ნანიევის დასაცავი ობიექტის დალაშქვრა ვერც ამჯერად მოახერხა. ამის შემდეგ კუხიანიძის ჯერიც დადგა. აშკარად გამოჩნდა, რამხელა ძალას წარმოადგენს იგი ,,ტორპედოსთვის’’. სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ კუხიანიძე გაორკეცებული ენერგიით იბრძოდა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. ნახევარი საათის მიწურულს, ორწუთიან ინტერვალში მასაც ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი. პირველად იგი საჯარიმოს წინა ხაზიდან ურტყამდა ჯიქიას გადაცემის შემდეგ, თუმცა მისი ძლიერი გასროლა ხარიხას ზემოდან გადაევლო. მეორეჯერ კი მას ასისტენტობას გიგაური უწევდა, თუმცა ქუთათურთა გამთამაშებლის დარტყმულს წინ ნანიევი აღუდგა და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისგან იხსნა.

ტაიმის ბოლოსკენ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და მათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობაც მიეცათ. ჭანტურიამ საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან წესი დაარღვია და ცხინვალელებს საჯარიმო დარტყმის უფლება მიეცათ. კვეკვესკირმა სტანდარტული დიდებულად შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთათურთა კარის ცხრიანისკენ გაფრინდა. ქვილითაია თანაგუნდელებს ალბათ ვეღარ გადაარჩენდა, მაგრამ ხიდეშელმა ივაჟკაცა და ბურთი კარის ხაზიდან თავით კუთხურზე მოიგერია. სტუმართა მოწოდებულ კუთხურს ტორპედოელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც კარგად ისარგებლა მგელაძემ და ქვილითაიას თითქმის აუღებელი დაურტყა. მასპინძელთა კაპიტანმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ტორპედოელთა უპირატესობით გაგრძელდა. მატჩის განახლებისთანავე კუხიანიძე ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს. 56-ე წუთზე შეტევაში ჩართული უბილავა ურტყამდა ასევე მახვილი კუთხიდან, თუმცა ამჯერად ნანიევი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მე-60 წუთზე მოედანზე ახლადშესული მარკოზიშვილის გადაცემით ისევ კუხიანიძე ურტყამდა ძლიერად, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

აქედან ხუთ წუთში სტუმრებს შეეძლოთ ანგარიში გაეთანაბრებინათ. იერიშში გართულ მასპინძლებს ცხინვალელთა კონტრშეტევა გაეპარათ, რის შედეგადაც კვეკვესკირი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ქვილითაიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან მომხდურს დარტყმის კუთხე გამოუცნო, ნახტომით მისწვდა ბურთს და თანაგუნდელებს მომგებიანი ანგარიში შეუნარჩუნა.

შეხვედრის ბოლომდე მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. ცხინვალელთა მცდელობის მიუხედავად, ტორპედოელებმა თამაშის სადავეები ბოლომდე შეინარჩუნეს და წარუმატებელი სერიის შემდეგ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ჟერარდ სარაგოსა (,,ტორპედო’’): ,,უკანდასახევი გზა აღარ გვქონდა, ამიტომ ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. გამარჯვებაზე უფრო მეტად ის მახარებს, რომ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდათ და თავიანთი თამაში ითამაშეს. ახლა მთელი ყურადღება მომდევნო მატჩზე გვაქვს გადატანილი. ვიცით, რომ ,,გურიასთან’’ ძნელი შეხვედრა მოგველის, ამიტომ წვრთნას ხვალიდანვე ვაგრძელებთ’’.

კახი კაჭარავა (,,სპარტაკი’’): ,,მძიმე თამაში გვქონდა. ,,ტორპედომ’’ მეტი მონდომების ხარჯზე გაიმარჯვა, თუმცა საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა. ვულოცავ მეტოქეს წარმატებას’’.

,,ტორპედო’’ (ქუთაისი) – ,,სპარტაკი’’ (ცხინვალი) 1:0 (1:0)
5 დეკემბერი. ქუთაისი. “ცენტრალური’’. 500 მაყურებელი.

,,ტორპედო”:  ქვილითაია (კ), ფირცხალავა, გიგაური, ჯიქია (მარკოზაშვილი 60), კუხიანიძე, გ. ხიდეშელი, გოროზია (მზევაშვილი 74), ნ. ჭანტურია (მთივლიშვილი 66), კაპანაძე, ზ. ჭელიძე, უბილავა.

მწვრთნელი:  ჟერარდ სარაგოსა

,,სპარტაკი”: ნანიევი, ჭაფოძე, მგელაძე, ვ. კილასონია, ხიზანეიშვილი (მაქაცარია 85), კვეკვესკირი, შონია (კ), გაძაოვი (ფანცხავა 72), თექთურმანიძე, კემუხტაშვილი (ცერცვაძე 63), მეტრეველი.

მწვრთნელი:  კახი კაჭარავა

გოლი: 1:0 კაპანაძე (20)

გაფრთხილება:  ფირცხალავა (25), ნ. ჭანტურია (35), კუხიანიძე 40, კემუხტაშვილი (48), კვეკვესკირი (49), კაპანაძე (88), გ. ხიდეშელი (90);

არბიტრი: აბდულა ბასჰლეჰლო (სირია)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62) 

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63) 

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვილი ისიანი (29), 1:1 ჩისკო (58), 1:2 გიორგი მერებაშვილი (79), 1:3 ჯაბა დვალი (89)

 

1      დინამო (თბ)                                                15           11           3           1            37:12           36          
2 ჩიხურა 15 9 3 3 33:21 30
3 გურია 15 8 0 7 17:21 24
4 დილა  15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი 15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი 15 6 4 5 17:12 22
7 ტორპედო 15 6 4 5 18:15 22
8 სიონი 15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 15 5 3 7 19:23 18
10 მერანი 15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი 15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი 15 1 5 9 5:20 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

7 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114295