იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იმედოვნებს, რომ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი “როსონერისთან” თავის გამოჩენას ვერ მოახერხებს.
“მესი უბრალოდ მონსტრია. მას გოლები შესაშური რეგულარობით გააქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ის ხვალ პაუზას აიღებს და ვერ გაიტანს.
“კამპ ნოუზე” შექმნილი ატმოსფერო ჩვენს სასარგებლოდ არ იქნება. 100 ათასიანი სტადიონის უდიდესი ნაწილი მხარს “ბარსელონას” დაუჭერს. რთული იქნება, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირება მოგვიწევს.
ვწუხვარ იმის გამო, რომ პაცინიმ ტრავმა მიიღო. ის შესანიშნავ ფორმაშია და ამიტომ, ჯამპაოლო დაგვაკლდება. მნიშვნელოვანი თავდამსხმელი დავკარგეთ.” – აცხადებს ადრიანო გალიანი “ბარსელონასა” და “მილანს” შორის გასამართი მატჩის წინ.
ლიონელ მესის რომ იტალიურ გუნდებთან თამაში უჭირს, ეს ახალი ამბავი არაა. აპენინელებთან ჩატარებულ 8 მატჩში, არგენტინელმა მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და სამივე მათგანი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, თუმცა ყველა “მილანის” კარში. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ აღიარებული არგენტინელი განსაკუთრებით შეუმჩნეველი ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო დაპირისპირებაში იყო. 3 კვირის წინათ, მესიმ კარში დარტყმა ვერ მოახერხა.