მოულოდნელი შედეგით დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა 2013 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც მე-8 ნომრად განთესილმა ბათუმელმა საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ მოიგო. გაიოზმა 11 შესაძლებლობიდან ყველაზე მეტი 9.0 ქულა (8 მოგება, 2 ყაიმი, 1 წაგება) დააგროვა და კარიერაში ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
მართალია, ნიგალიძემ აღნიშნული ტურნირი ცუდად დაიწყო და ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ 2,5 ქულა დააგროვა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო და პირველი ადგილი ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
ოქროს მედალთან ერთად ჩემპიონმა 5000 ლარი მიიღო, ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება, ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსება და საქართველოს 2014 წლის ეროვნულ ჩემპიონატში კონკურსგარეშე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
“მსოფლიო სპორტი” გაიოზ ნიგალიძეს ესაუბრა.
- ელოდით, რომ ჩემპიონი გახდებოდით?
- ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი.
- რა გაძლევდათ პირველ ადგილზე გასვლის საბაბს, როცა ტურნირში ბაადურ ჯობავას გარდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე (მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია...) მონაწილეობდა?
- კარგად ვიყავი მომზადებული. საქართველოს 72-ე ეროვნული ჩემპიონატისთვის ექვსი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ მოვემზადე და ამიტომ მქონდა პირველ ადგილზე გასვლის იმედი.
- მწვრთნელი თუ გყავთ?
- არა.
- მაშინ როგორ მოემზადეთ?
- მარტო, ინდივიდუალურად მოვემზადე.
- ყველაზე მეტად რომელი პარტიის მოგება გაგიჭირდათ?
- მე-7 ტურში, ფანცულაიასთან.
- როდის იგრძენით, რომ პირველი ადგილის მოპოვება შეგეძლოთ?
- ფანცულაიასთან მოგების შემდეგ.
- მხოლოდ ფანცულაიას დამარცხებამ განაპირობა თქვენი ჩემპიონობა?
- კენჭიყსრამაც გამიმართლა. თითქმის ყველა ფავორიტთან თეთრებით მომიწია თამაში. ამას კი წარმატების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს.
- აჭარიდან თქვენ პირველი მამაკაცი ხართ, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა. თბილისიდან დაბრუნების შემდეგ როგორი შეხვედრა მოგიწყვეს?
- ნორმალური შეხვედრა მომიწყვეს. ლეპტოპი მაჩუქეს და ფულადი ჯილდოც მომცეს.
- სამწუხაროდ, აჭარიდან მოჭადრაკე ვაჟთა შორის თქვენს მეტი არავინაა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი რომ ჰქონდეს...
- შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში ვაჟთა ჭადრაკი მკვდარია, რადგან დიდების ტურნირი დიდი ხანია აღარ ჩატარებულა და ახალგაზრდების დაინტერესებაც შესაბამისია.
- თქვენთან შეხვედრის შემდეგ თუ გამოთქვა აჭარის ხელმძღვანელობამ ვაჟთა შორის დიდების ტურნირების ჩატარების სურვილი?
- დაპირება არის და ვნახოთ, როგორ შესრულდება.
- არც საქართველოს სხვა კუთხეებია განებივრებული ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებით, მაგრამ ჩვენი მოჭადრაკეები საზღვარგარეთ თამაშობენ. თქვენ რატომ არ მონაწილეობთ საერთაშორისო ტურნირებში?
- აქამდე სწავლით ვიყავი დაკავებული.
- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ?
- დავიბადე 1989 წლის 24 აპრილს ქალაქ ბათუმში. ვარ საქართველოს ჩემპიონი 14 და 20 წლამდელთა შორის. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ფრენბურთში. დამთავრებული მაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერისა და მათემატიკის ფაკულტეტი. მყავს მშობლები და ორი ძმა. დასაოჯახებელი.
- ფრენბურთსაც თუ თამაშობდით არ ვიცოდი. უპირატესობას ფრენბურთს ანიჭებთ თუ ჭადრაკს?
- ჩემი ძირითადი სახეობა ჭადრაკია. რაც შეეხება ფრენბურთს, მას მხოლოდ მოყვარულის დონეზე, ფიზიკური მომზადების მიზნით ვთამაშობ.
- რა არის თქვენი, როგორც მოჭადრაკის ოცნება?
- ყველა მოჭადრაკის ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა.
- უახლოეს მიზანზე რას გვეტყვით?
- უახლოესი მიზანი საერთაშორისო დიდოსტატის წოდების მოპოვებაა.
- ჭადრაკში კერპი თუ გყავთ?
- ჩემთვის სამაგალითო მოჭადრაკეები ბობი ფიშერი (აშშ) და ალექსანდრე ალიოხინია (რუსეთი)
- რომელია უახლოესი ტურნირი, სადაც ითამაშებთ?
- მონაწილეობას მივიღებ მსოფლიო უნივერსიადაში, რომელსაც 4-17 ივლისს ყაზანი (რუსეთი) უმასპინძლებს.