22 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი “გაგრა” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ 1/16-ფინალურ მატჩს რუსთავში “მეტალურგთან” გამართავს. 31 აგვისტოს კი, პირველი ლიგის პირველ ტურში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე “დინამო-2”-ს შეხვდება.
სეზონის დაწყებამდე გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე და “გაგრას” მიზნებზე კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ გაგრელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:
“ახალწვეულები გუნდში გვყავს. როგორც იცით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აბაიომი ოვონიკოკო ჯერ “ზესტაფონში” თამაშობდა, შემდეგ კი ლუცკის “ვოლინში”. ის ბელგიურ “ლოკერენშიც” ისინჯებოდა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და წლის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. თუმცა, ჩვენთან უფრო გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს. ჩვენი გუნდისთვის ახალი სახე სულაც არაა ცოტნე ხარაბაძე. ეს უკანასკნელი „გაგრაში“ 2010 წლის იანვარში ჩაირიცხა და სულ რაღაც ნახევარი სეზონი დაჰყო. საკმაოდ ნიჭიერი მარჯვენა ფლანგელია და მისი დიდი იმედი გვაქვს. “სასკოდან” ძმები, ბაქარ და ზაურ ქარდავები დავიმატეთ. ზაური ამპლუით მცველია, ხოლო ბაქარი - საყრდენი ნახევარმცველი. მათ გარდა, შემოგვიერთდა გიგა ჯუღელი”.
აფხაზავამ, ის ფეხბურთელებიც ჩამოთვალა, რომლებიც ახალი სეზონისთვის გუნდის განაცხადში შეიყვანეს:
გიორგი ბეგაშვილი, გიორგი დობორჯგინიძე, ლაშა კალანდაძე, ირაკლი ფიფია, გიორგი გადრანი, ზაურ ქარდავა, ბაქარ ქარდავა, ცოტნე ხარაბაძე, კოტე ზარნაძე, ნუგზარ ხოჯაშვილი, ნიკა ჭკუასელი, გიგა ჯუღელი, აბაიომი ოვონიკოკო, ჯონ ჯერემია, ბენჯამენ ტეიდი, ავთანდილ მუსელიანი, რატი ცაცკრიალაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, რუსლან კაკუბავა, თენგიზ ფერცელიძე, თამაზ ჟიშკარიანი, გუგა ფალავანდიშვილი.
მისი თქმით, გუნდის ჩემპიონატის სტარტზე სამ საშინაო მატჩს “მერანზე” ჩაატარებს: “მომავალ სამ საშინაო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი “გაგრა” “მერანის” სტადიონზე გამართავს. ამ მომენტისთვის მინდვრის საფარი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, სტადიონის ხელმძღვანელობა გარკვეულ სამუშაოებს ატარებს და იმედი გვაქვს, რომ 5 სექტემბრს, როდესაც შინ თელავის “კახეთს” მივიღებთ, ყველაფერი წესრიგში იქნება. რაც შეეხება მომდევნო საშინაო შეხვედრებს, ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით”.
აფხაზავამ აღნიშნა, რომ “გაგრას” უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა:
“გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ საკმაოდ რთულია ამოცანის წინაშე ვდგავართ. რთული გასვლითი შეხვედრები გველის დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, მაგრამ რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იმედიანად არიან განწყობილნი და ვეცდებით პირველ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდეთ”.