პირველ ლიგაში მოასპარეზე “გაგრამ” სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გორის “დილა 2”-თან ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრესსამსახური იუწყება.
გაგრელთა მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
სვანიძე, ხარაბაძე, ქარდავა, ირაკლი ფიფია, ზარნაძე, ცაცკრიალაშვილი, ქარდავა, ჯუღელი, ჭკუასელი, ჯერემია, ოვონიკოკო.
შეცვლაზე შევიდნენ: ტეიდი, კაკუბავა, მუსელიანი, ფერცელიძე.
მე-12 წუთზე, ჯერემია პასს ოვონიკოკოს აძლევდა და გორელმა ფეხბურთელმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. გატანილი გოლიდან სამ წუთში, ცოტნე ხარაბაძემ თავის საჯარიმოში მეტოქეს ეუხეშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი “დილა 2”-ის ფეხბურთელმა გამოიყენა. მე-2 ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, რომ ირაკლი ფიფიამ შორი მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განვლილ მატჩში, “გაგრას” ტრავმების გამო ლაშა კალანდაძე, ჯუბა ხოჯაშვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი გადრანი აკლდნენ. თამაშის მსვლელობისას კოჭი გადაუბრუნდა და შეცვალეს აბაიომი ოვონიკოკო, რომელიც რამდენიმე დღე დაისვენებს.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას „გაგრა“ 11 აგვისტოს, 11 საათზე საგურამოში, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.