ტოკიოს ბაშოზე ქართველი გოლიათი გაგამარუ ოსეთის წარმომადგენელ არანს დაუპირისპირდა და გამარჯვების წყალობით, სექტემბრის სუპერტურნირზე დადებით ბალანსზე პირველად გავიდა. ახლა, თეიმურაზ ჯუღელის აქტივში 5 მოგებაა, პასივში კი – 4 მარცხი.
შეგახსენებთ, რომ ბაშოს სტარტზე გაგამარუს 5-დან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, რასაც მიჯრით მე-4 გამარჯვება მიაყოლა.
ქართველის და რუსის შერკინების სტარტზე უპირატესობა არანის გახლდათ. მან 203-კილოგრამიანი ქართველის მავაშის მარცხენა ხელში მოგდება მოახერხა, თუმცა, მეტოქის ტავარას მიღმა გადაყვანა ვერ მოახერხა, რასაც ჯუღელმა საპასუხო იორიკირი მიაყოლა.
გაგამარუ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, სატიტულო წინსვლისთვის კი, დარჩენილი 6 ბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.
ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც სულ მეორედ გაეჯიბრება, პირველი შერკინება კი წაგებული აქვს.
სექტემბრის ბაშოს 9 დღის თავზე დაუმარცხებლად კვლავ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობს, მის უახლოეს მდევრებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ოძეკი კისენოსატოს, მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოს და მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს კი უკვე 2-2 წაგება გააჩნიათ.
სექტემბრის ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=ALA5XW-7MEE&feature=player_embedded#t=0