ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სუპერფინალის განმეორებით მატჩში “მაიამი ჰითმა” დამაჯერებელი რევანში აიღო, რაშიც ხელი მოწინააღმდეგემ შეუწყო. სან ანტონიოელებმა შეხვედრის მსვლელობისას 17-ჯერ დაკარგეს ბურთი, რამაც ასპარეზობის ბედი დიდწილად განაპირობა. ფლორიდელებმა მესამე-მეოთხე პერიოდების მიჯნაზე 33:5 გაქცევა მოაწყვეს და ასპარეზობის ბედიც საბოლოოდ შეხვედრის ამ მონაკვეთში გაირკვა.
მას შემდეგ, რაც ნბა-ს პლეი ოფის სუპერფინალის ფორმატი 2-3-2-ზე გადავიდა, მეთოთხმეტედ მოხდა, როდესაც საწყისი 2 მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1-ია. წინა 13 დაპირისპირებიდან 12-ში ასოციაციის ჩემპიონი ის გუნდი გახდა, რომელმაც სერიის მესამე შეხვედრაში იმარჯვა.
“ცუდად ვითამაშეთ. შეცდომები ბლომად დავუშვით და ტყორცნათა რეალიზაციის პროცენტი დაბალი გვქონდა. ვიმედოვნებ, მესამე მატჩში საუკეთესო თვისებების გამოვლენას შევძლებთ”, - ტეხასელთა ლიდერი ტიმ დანკანი ნამატჩევს ჟურნალისტებთან საუბრის ხასიათზე ნაკლებად იყო და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
მაიამი – სან ანტონიო 103:84 (22:22, 28:23, 25:20, 28:19)
მაიამი: სასტარტო: ჩელმერზი (19ქ), ჯეიმსი (17ქ, 8მ, 7პ), ბოში (12ქ, 10მ), უეიდი (10ქ, 6პ), ჰასლემი (5ქ). შემცვლელები: ალენი (13ქ), მილერი (9ქ), ანდერსენი (9ქ), ლუისი (4ქ), ბატიე (3ქ), კოული (2ქ), ჯონსი, ენტონი.
სან ანტონიო: სასტარტო: გრინი (17ქ), პარკერი (13ქ), ლენარდი (9ქ, 14მ), დანკანი (9ქ, 11მ), სპლიტერი (4ქ). შემცვლელები: ნილი (10ქ), ჯოჟეფი (8ქ), ჯინობილი (5ქ), ბონერი (5ქ), მილზი (2ქ), ბლერი (2ქ), მაკგრეიდი, დიო.
სერიის ანგარიში 1:1