რამდენიმე დღის წინ ლუის არაგონესი გარდაიცვალა. მან სამწვრთნელო საქმეში თავისი ეპოქა შექმნა, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია და საფეხბურთო ისტორიაშიც თავის კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. გთავაზობთ არაგონესის მიერ გავლილ სადამრიგებლო გზას, რომელშიც, ვფიქრობთ, სენიორ ლუისის სამწვრთნელო საქმიანობის საგულისხმო მომენტებსაც გაეცნობით.
...1974-75 წლების სეზონი არაგონესმა მადრიდის “ატლეტიკოში” ვეტერანი მოთამაშის სტატუსით დაიწყო და დებიუტანტი მწვრთნელის რანგით გააგრძელა. ახლადგამომცხვარი მწვრთნელი საქმეს ენერგიულად შეუდგა და გუნდმაც თანდათან სატურნირო ცხრილში ზემოთკენ იწყო სვლა. საბოლოოდ იმ სეზონი “ატლეტიკომ” მეექვსე საფეხურზე დაასრულა, რაც მეტად უიღბლო სტარტის ფონზე ურიგო შედეგი სულაც არ იყო. ამის მიუხედავად, არაგონესს მტკიცედ მაინც არ ჰქონდა გადაწყვეტილი სადამრიგებლო საქმეს რომ გააგრძელებდა, გადამწყვეტი კი შემდეგი ფაქტორი აღმოჩნდა. “ბაიერნმა” საკონტინენტთაშორისო თასზე თამაში იუარა და რეგლამენტით ევროპის ღირსების დაცვა ჩემპიონთა თასის ფინალისტ მადრიდელებს მიანდეს. 1975 წლის მარტსა და აპრილში ლუის არაგონესის მეთაურობით “ატლეტიკომ” ორი მატჩი ჩაატარა ბუენოს აირესის ”ინდენპენდიენტესთან”. პირველი შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. სამაგიეროდ, “ვისენტე კალდერონზე” კასტილიელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს. პირველი ტაიმის შუაწელს ხავიერ ირურეტამ ანგარიში გახსნა, მატჩის მუწურულს კი მადრიდელთა არგენტინელმა ლეგიონერმა რუბენ უგო აიალამ საკუთარ თანამემამულეებს სისწრაფეში აჯობა, მცველებს დაუსხლტა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ასე და ამგვარად, “ატლეტიკო” პლანეტის უძლიერესი გუნდი (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც) გახდა, ლუის არაგონესს კი სადამრიგებლო საქმიანობის გაგრძელების მძლავრი იმპულსი მიეცა. მას შემდეგ მოყოლებული იგი 33 წელი ესპანური კლუბებისა თუ ნაკრების საკაპიტნო ხიდურაზე იდგა და როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, სიხარულთან ერთად სიმწარეც ბევრჯერ განუცდია.
2 წელი დასჭირდა არაგონესს, რათა “ატლეტიკოსთვის” საჩემპიონო ტიტული დაებრუნებინა. ის სეზონი მადრიდელებს მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდათ, მისი გულშემატკივრები კი პირველობის დაუფლებასთან ერთად განსაკუთრებით იმით ამაყობდნენ, პირველობის მსვლელობისას მათმა საყვარელმა გუნდმა “ბარსელონასა” (3:1) და “რეალს” (4:0) რომ მოუგო.
...1982-დან მოყოლებული არაგონესი 6 წლის განმავლობაში მოძღვრავდა "ატლეტიკოს” და მაქსიმუმს რასაც მიაღწია ესპანეთის თასის ფინალში სამჯერ გასვლა გახლავთ. 1985 წელს სამეფო თასის გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდელებმა ბილბაოს “ატლეტიკს” 2:1 მოუგეს და შემოდგომიდან თასების თასზე ჩაებნენ. ამ ტურნირში მადრიდელებმა ფინალამდე კი მიაღწიეს, მაგრამ ლიონის “სტად ჟერლანზე” ჩატარებულ ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ვალერი ლობანოვსკის კიევის "დინამოსთან” 0:3 შერცხვნენ.
მომდევნო წელს კი ვისენტე კალდერონი გარდაიცვალა და მისი საპრეზიდენტო პოსტი სკანდალური ხასიათით ცნობილმა ხესუს ხილი ხილმა დაიკავა. იმთავითვე ცხადი იყო, არაგონესი და კლუბის ახალი მეთაური ერთად დიდხანს რომ ვერ გაძლებდნენ. ლუისი პრეზიდენტისთვის არაფრის დათმობას აპირებდა, ხილი კი დიქტატორული ტიპის მმართველი გახლდათ. მათი ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც “ატლეტიკომ” ესპანეთის თასის ფინალში პენალტების სერიით (2:2, 2:4) წააგო "რეალ სოსიედადთან”, არაგონესს უკვე მერამდენედ ახალი სამუშაოს მოძიება მოუწია.
ამჯერად მან თავი ესპანეთის კიდევ ერთ პროვინციაში კატალონიაში ამოჰყო. თითო წელი იმოღვაწა მან “ბარსელონასა” და “ესპანიოლში”. არაგონესმა "ბარსას” ქვეყნის თასი მოაგებინა, თანაც, ფინალში სან სებასტიანელებზე ჯავრი იყარა, ყველაზე მეტად კი კატალონელ ქომაგებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ სათავეში ჩაუდგა ფეხბურთელთა აჯანყებას, რომლებიც კამპ ნოუელთა პრეზიდენტის ხოსე ნუნიესის გადაყენებას ითხოვდნენ.
კატალონიიდან კასტილიაში დაბრუნების შემდეგ არაგონესმა კიდევ ერთხელ ჩაიბარა “ატლეტიკო”. ამჯერად მისი და ხესუს ხილი ხილის თანამშრომლობამ წელიწადნახევარს გასტანა. არაგონესმა გუნდს "კოპა დელ რეი” მოაგებინა და რაც მთავარია, პორტუგალიელი პაოლო ფუტრესა და გერმანელი ბერნდ შუსტერის გოლების წყალობით ფინალში მისმა გუნდმა “რეალს” მოუგო. მომდევნო სეზონი კი "ატლეტიკომ” არასტაბილურად დაიწყო და პირველი წრის დასრულებამდე ხილმა ლუისი პოსტიდან დაითხოვა.
ამის შემდეგ არაგონესისა და “ატლეტიკოს” გზა 8 წლით გაიყარა. ამ ხნის განმავლობაში იგი ხუთ გუნდს მოძღვრავდა, რომლებთანაც მუშაობისას გარკვეულ წარმატებას მიაღწია. 1996 წელს “ვალენსია” პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილზე გაიყვანა, თუმცა, ახალი სეზონიდან გუნდი სუსტად გამოიყურებოდა და "მესტალიაზე” ხორხე ვალდანო მიიყვანეს. არაგონესმა "მალიორკას” ბრინჯაოს მედლები კი მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში კუნძულელებმა უკვე სხვა დამრიგებლის მეთაურობით იასპარეზეს. ამასობაში ხესუს ხილის თავნებობამ იმდენი ქნა, “ატლეტიკო” სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა, პრეზიდენტმაც ძველი ამბები დაივიწყა და მშველელად ლუის არაგონესს უხმო. მანაც მეხუთედ ჩაიბარა მშობლიური გუნდი და მეორე დივიზიონში გატარებული პირველი და უკანასკნელი სეზონი წარმატებით დაასრულა – “ატლეტიკო” ელიტურ ლიგას დაუბრუნდა.
ხილისა და არაგონესის სიამტკიბილობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ისინი ერთმანეთის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ იშურებდნენ. პრეზიდენტი მწვრთნელს ბრალს შემადგენლობის ხშირ და გაუმართლებელ ცვლილებას აბრალებდა, ფერნანდო ტორესის გასხვისებით კი ხელის მოთბობის მცდელობაში ადანაშაულებდა. ცხადია, ვალში არც არაგონესი დარჩენილა, მანაც გვარიანი ეპითეტებით შეამკო თავნება პრეზიდენტი, რაც უმუშევრად დარჩენის ფასად დაუჯდა.
არაგონესი წლინახევრის განმავლობაში უსაქმოდ იყო და როგორც თავად აღიარებდა, ეს პერიოდი მისთვის ყველაზე რთული გამოდგა. 2004 წელს კი ლუის არაგონესი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას “გაახსენდა” და ეროვნული გუნდის დაძღოლა შესთავაზა.
ლუის არაგონესი სიხარულით დათანხმდა ნაკრების მთავარმწვრთნელობას და მეტად საპასუხიმგებლო თანამდებობაზე საქმიანობას საფუძვლიანად (სხვანაირად არც შეეძლო) შეუდგა.
არაგონესმა “ფურია როხას” გაახალგაზრდავება დაიწყო. ასე აღმოჩნდნენ ნაკრებს მიღმა ივან ელგერა, ვალერონი, დე ლა პენია, მიჩელ სალგადო და რაული. განსაკუთრებით მტკივნეული “რეალის” ლეგენდასთან განშორება გახლდათ. არაგონესი ყოველთვის ქების სიტყვებით მოიხსენიებდა ნაკრების ყოფილ კაპიტანს, თუმცა, გუნდის ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა. რაულის გაშვების დღიდან კი მწვრთნელმა საკუთარი მისამართით არაერთი კრიტიკული სტატია წაიკითხა, გულშემატკივრებისგან ობსტრუქციაც მიიღო და ფედერაციის ჩინოსების “მეგობრული რჩევის” მიუხედავად, რაული საევროპისჩემპიონატო განაცხადში ჩაერთო, ჯიუტმა არაგონესმა თავისი მაინც გაიტანა. თუ რით დასრულდა ყოველივე ავსტრია-შვეიცარიაში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე, უჩვენოდაც მშვენივრად მოგეხსენებათ...
კონტინენტის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არაგონესი "ფურია როხას” დაემშვიდობა, პირენელთა უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მისი მოღვაწეობა კი მართლაც შთამბეჭდავია. მისი მეთაურობით, ესპანელთა ნაკრებმა ზედიზედ 22 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. გერმანელებთან ფინალში არაგონესმა "ფურია როხას” 38-ედ მოაგებინა, რითაც ამ მაჩვენებლით ხავიერ კლემენტეს გაასწრო. ამასთან, არაგონესის ყოფილი პარტნიორი ნაკრებს 62 მატჩში გაუძღვა, არაგონესი კი მხოლოდ 52-ში.
ლუის არაგონესის მიერ გაწეული სამუშაოს ეფექტურობა ყველამ აღიარა, მათ შორის იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მას მკაცრად აკრიტიკებდნენ, ჩვენ კი ვისენტე დელ ბოსკესეული შეფასებას მოვიშველიებთ: “ესპანელმა მწვრთნელებმა არაგონესს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ - მან ბრწყინვალე ფეხბურთელები შეკრიბა და მათგან ძალიან მაღალი დონის გუნდი ჩამოაყალიბა. ლუისმა მშვენიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრების პროგრესი შემდგომშიც გაგრძელდება, ამის მესაძირკვლე კი ლუის არაგონესია”.