საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა ფრანკ რიბერიმ 2013 წელს საკლუბო დონეზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გერმანული ბუნდესლიგა და ქვეყნის თასი მოიგო. კლუბისა და პირადი წარმატების შედეგად რიბერი “ოქროს ბურთის” დაუფლების პრეტენდენტი იყო. 2014-ში ფრანკის უპირველესი ამოცანა ბრაზილიის მუნდიალზე მაღალ დონეზე გამოსვლაა, რასაც ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემული ინტერვიუც ადასტურებს.
- როგორ გგონიათ, 2014 წელს წინა სეზონის შედეგების გამეორებას და გაუმჯობესებას შეძლებთ?
- გასულ სეზონში “ბაიერნმა” ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ამის კიდევ ერთხელ გაკეთება ურთულესი ამოცანაა. ახლა ვარაუდების პროგნოზების გამოთქმის დრო არაა. მსოფლიოს ჩემპიონატის წელს განსაკუთრებული შრომა და მონდომება მმართებს.
- თქვენი ფიქრი უკვე ბრაზილიაში ჩასატარებელ მუნდიალს უტრიალებს?
- მოუთმელად ველი მსოფლიო პირველობის სტარტს. ბრაზილიაში პლანეტის საფეხბურთო ფორუმის გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანამ ფეხბურთის განვითარების საქმეში განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა. უდიდესი საფეხბურთო ზეიმი გველის. მოხარული ვარ, საფრანგეთი 32 მონაწილეს შორის რომ მოხვდა. დიდი ალბათობით, ბრაზილიაში ჩემ უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ. პირადად მე და ჩემი თანანაკრებელები არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, ფრანგი გულშემატკივარი რომ გავახაროთ. მოტივაცია მოჭარბებული გვაქვს და ვფიქრობ, სამშობლოში გახარებულები დავბრუნდებით.
- საფრანგეთის ნაკრების წარმატებაში დიდიე დეშამის როლზე რას გვეტყვით?
- დეშამმა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობის შეგრძნება დაგვიბრუნა. ნებისმიერ სიტუაციაში მას ყოველთვის შეუძლია მოთამაშის გამხნევება. ასე მოხდა უკრაინასთან პლეი ოფის პირველი შეხვედრის შემდეგაც. კიევში 0:2 წავაგეთ და ბევრს ვერ წარმოედგინა, სრულფასოვან რევანშს რომ ავიღებდით. “სტად დე ფრანსზე” სწორედ დიდიე დეშამის ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგაგ ვიმარჯვეთ სასურველი ანგარიშით. ეს მატჩი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს, მის მონაწილეებს კი უკრაინელთა წინააღმდეგ გამართული პაექრობა არასდროს დაგვავიწყდება.
- მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰონდურასთან, ეკვადორს და შვეიცარიასთან მოგიწევთ თამაში. როგორ თვლით, კენჭისყრისას გაგიმართლათ?
- ალბათ, ყველაზე რთული ქვეჯგუფი არ შეგვხვდა, მაგრამ ბანალურ ფრაზას კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მუნდიალზე სუსტი მეტოქე არაა. ძალის მაქსიმალური დაძაბვა მოგვიწევს მერვედფინალში გასასვლელად. საამისოდ კონცენტრირებულნი ვიქნებით.
- სანაკრებო ასპექტით რა მოგცათ მიუნხენის “ბაიერნში” თამაშმა?
- უპირველესად უმაღლეს დონეზე გამოსვლის გამოცდილება კიდევ უფრო მომემატა. უკვე 30 წლისა ვარ და საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბევრი რამ მინახავს. ვცდილობ, ყოველმხრივ დავეხმარო შედარებით ახალგაზრდა პარტნიორებს. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ საფრანგეთის ღირსებას ვიცავთ, რაც ახალბედა ფეხბურთელებზე გარკვეულწილად დამთრგუნველადაც კი მოქმედებს. ამიტომაც ვცდილობ, ასაკით უმცროს პარტნიორებს დავეხმარო.