2012-13 წლების სეზონის გერმანიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანკ რიბერი სავსებით სამართლიანად ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. საფრანგეთის ნაკრების წევრმა რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის “ბაიერნთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. სწორედ ამ თემით დაიწყო რიბერის საუბარი “ბილდის” კორესპონდენტთან.
- მუსიე რიბერი, მიუნხენელ გულშემატკივრებს აინტერესებდათ, როდის გაახანგრძლივებდით კონტრაქტს “ბაიერნთან”. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ შვებით ამოისუნთქეს – თქვენ ხომ 2017 წლის ივნისამდე დარჩებით “ალიანს არენაზე”...
- ფანებს სანერვიულო არაფერი ჰქონდათ, ჩემი და მიუნხენის “ბაიერნის” ურთიერთობა ხელმოწერილი ქაღალდებით არ იზომება. ახალ კონტრაქტს რაც შეეხება, ყველაფერი დროის ამბავი გახლდათ და ჩვენმა ურთიერთობამაც ოფიციალური ხასიათი 2017 წლამდე მიიღო.
- ბოლო სეზონის წარმატებამ თქვენი კონტრაქტი უფრო სარფიანი გახადა?
- ფულზე საუბარი ამ მსურს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ცხოვრების განმავლობაში ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. სიამოვნებით დავასრულებდი საფეხბურთო კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” და წავიდოდი როგორც Grand Seigneur. მეც მინდა ისეთივე გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, როგორიც მეჰმეთ შოლს ჩაუტარეს.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც აწ უკვე დასრულებული სეზონის განმავლობაში “ტრიპლი” შეასრულეთ?
- გერმანიის ჩემპიონობა და თასი ადრეც მქონდა მოგებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება განსაკუთრებული მომენტია, რომლისგან გამოწვეული ემოცია ალბათ არასდროს გამინელდება.
- იქნებ აგვიწეროთ თქვენეული ემოცია...
- არასდროს დამავიწყდება სიხარული, რომელიც ზინედინ ზიდანის დარეკვამ განმაცდევინა. ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალის გმირმა და გამარჯვებულმა ზიზუმ გულწრფელად მომილოცა. საფინალო სასტვენის შემდეგ ერთდროულად სიცილისა და ტირილის ხასიათზე ვიყავი. ჩემ თვალწინ მთელმა საფეხბურთო კარიერამ რამდენიმე წამში გაირბინა. გამახსენდა, როგორ ვთამაშობდი საფრანგეთის მესამე დივიზიონში, დეტალებში აღვიდგინე ყველა ის დღე, როდესაც მამასთან ერთად საავტომობილო გზის მშენებლობაზე ვმუშაობდი. ჩვენი ოჯახი ხელმოკლედ, პატარა ბინაში ცხოვრობდა და მამა, რომელიც ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, წელებზე ფეხს იდგამდა, რათა საყვარელ ადამიანებს მეტ-ნაკლებად კარგი პირობები ჰქონოდა. როდესაც მამას ლონდონში ჩემპიონთა თასი გადავეცი, ორივენი ავტირდით.
- ჩემპიონთა ლიგის თასი საწოლშიც წაიღეთ. თქვენმა მეუღლემ ხომ არ იეჭვიანა?
- მან მითხრა, რომ გიჟი ვარ. შემდეგ მხიარული ფოტოები გადავიღეთ – საწოლში მე და ცოლთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასიც იყო. ამ სურათების გამომზეურებას არ ვაპირებ. ფეხბურთს თუ მივუბრუნდებით, იცით, ყველაზე მეტად რამ გამახარა?
- რამ?
- მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტნის სამკლავურის ტარება რომ მომიწია. ბარსელონაში იუპ ჰაინკესმა ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი შეცვალა, ჩვენი უკანახაზელი მინდვრიდან გასვლის წინ მომიახლოვდა და სამკლავური გადმომცა. ფილიპის მხრიდან ეს შესაძლოა, დიდად მნიშვნელოვანი ჟესტი არცკი იყო, მაგრამ მე ძალიან გამახარა. ამის თაობაზე ლამს მატჩის დასრულებისთანავე ვუთხარი.
- უწინ არიენ რობენთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ. ერთხელ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მივიდა, “უემბლის” ფინალში კი ჰოლანდიელს 2 პასი გაუკეთეთ, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საბოლოო წარმატებში. ამჟამად რობენთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ჩვენ საფეხბურთო კლუბ მიუნხენის “ბაიერნის” წევრები ვართ და არა “სკ რობენის” ან “სკ რიბერის”. Aმის თაობაზე არიენთან ხშირად მისაუბრია. ჩვენი უმთავრესი ძალა ერთიანობაშია. რობენს რაც შეეხება, მისი სათამაშო სტილი დიდწილად შეიცვალა და გასულ სეზონში იგი გუნდისთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე უწინ.