გასულ ორ სეზონში, საფრანგეთის ლიგა ერთის პირველ ტურს ერთი რამ ახასიათებდა - ვერც „პარი სენ ჟერმენი“ და ვერც იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი გათამაშებას მოგებით ვერ იწყებდნენ. ამჯერად, მოქმედი ჩემპიონი სწორედ პსჟ არის და რა გასაკვირია, რომ ლორან ბლანის გუნდმა ვერ მოიგო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლიგა ერთის პირველ ტურში, „მონპელიეს“ ბოლო 12 თამაში არ წაეგო, ხოლო პსჟ-ს, ბოლო 7 წლის განმავლობაში, პირველ ტურში მხოლოდ ერთხელ მოეგო. 2009 წელს, პირველ ტურში, ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასე მოხდა ამჯერადაც.
ლიგა ერთის 2013-14 წლების სეზონის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი და ექს-ჩემპიონები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის სტარტზე, ისივე, როგორც მთელი თამაშის განმავლობაში, დიდ უპირატესობას პარიზელები ფლობდნენ, რომლებმაც არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. სტუმართა კართან სიტუაცია მაშინ იძაბებოდა ხოლმე, როდესაც ისინი ბურთს მოედნის ცენტრში კარგავდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მე-10 წუთზე, როდესაც იბრაჰიმოვიჩს ბურთი მოედნის ცენტრში აართვეს, რასაც მასპინძელთა კონტრშეტევა და კაბელას მიერ გათამაშების პირველი გოლის გატანა მოჰყვა.
პსჟ-მ მე-2 ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში გაათანაბრა. ახლო მანძილიდან დარტყმით, ჟურდრენის კარი მაქსველმა აიღო.
ლორან ბლანის გუნდს 3 ქულის აღებაში ვერც ის დაეხმარა, რომ ბოლო 20 წუთი მეტოქე კაცნაკლული იყო და ვერც მოედანზე ედინსონ კავანის გამოჩენა. ურუგვაელ თავდამსხმელს, თავის სადებიუტო თამაშში, პსჟ-სთვის 3 ქულის მოტანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ, ძალიან კარგად ითამაშა ტიენემ, რომელმაც გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
მონპელიე-პსჟ 1:1 (1:0)
მონპელიე, “ლა მოსონი”
მონპელიე (4-3-3): ჟურდრენი, კონგრი, ილტონი, ელ კაუტარი, ტიენე, მარვო, სტამბული, კაბელა, კამარა (მეზაგი 74), ერერა (მონტანიო 65), მუნიე (მარტინი 54).
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ლუკასი (რაბიო 85), ვერატი (ონგენდა 75), მატუიდი, პასტორე, ლავესი (კავანი 70), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 1:0 კაბელა (10), 1:1 მაქსველი (60).
გაფრთხილებები: კამარა 47, ელ კაუტარი 61, ტიენე 70 - ვერატი 31, პასტორე 77.
გაძევება: ელ კაუტარი 71.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 6 (1)-11 (5), კუთხური: 1-7, თამაშგარე: 0-4, სეივი: 4-0, ჯარიმა: 22-18.