საფრანგეთის პროფესიონალური კლუბების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს 29 ნოემრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საფეხბურთო უიქენდს ბოიკოტი გამოუცხადონ.
ამ დღეებში ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის მატჩები არ გაიმართება, რადგან კლუბების მესვეურები პროტესტს უცხადებენ საფრანგეთის მთავრობას. ეს უკანასკნელი აპირებს აამოქმედოს კანონი, რომლის თანახმადაც პირისთვის ვინც წელიწადში ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გადასახადები 75 პროცენტამდე გაიზრდება. ეს კი საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტებს სერიოზულად დააზარალებს.
“ეს იქნება უიქენდი მატჩების გარეშე, ხოლო ყველა კლუბი თავისთან ღია კარის დღეებს ჩაატარებს. საუბარი ფრანგული ფეხბურთის გადარჩენაზეა, რომელიც 25000 სამუშაო ადგილს ქმნის, გადასახადების სახით 750 მილიონ ევროს იხდის, 130 მილიონს სამოყვარულო ფეხბურთისთვის ხარჯავს და ამასთანავე, ყოველ წელს ათასობით საქველმოქმედო აქციას ატარებს” – იუწყება გამოცემა L’Equipe პროფესიონალური კლუბების გაერთიანების ხელმძღვანელის ჟან-პიერ ლუველის სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ, ასევე, მოთამაშეებისა და მწვრთნელების პროფკავშირებმა გაფიცვას მხარი დაუჭირეს...