სერბეთთან გმირული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანტიბის ტურნირის დასკვნით მატჩში 71:86 დამარცხდა. თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია. იგორ კოკოშკოვს ძირითადი ხუთეულის წევრები დიდად აღარ დაუტვირთავს, სათადარიგოებს თავის გამოჩენის შანსი ამჯერადაც მისცა, ამ ფონზე კი, მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან საგარეო მარცხი სასირცხვილო ნამდვილად არ გახლავთ.
პირთამდე სავსე “აძურ არენაზე” გამართული შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა გაცილებით ყოჩაღად დაიწყეს და 6:1 დაწინაურდნენ (ქულათა ანგარიში ცინცაძის ალეი-უპით და სანიკიძის ჩატენვით გაიხსნა), თუმცა, შემდეგ მასპინძლები გონს მოვიდნენ და თამაშის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვიათ.
ფაქტობრივად, შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ვინსენ კოლეს შეგირდებმა 24:12 მოიგეს, თორემ დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო. მე-3 მეოთხედი ფრედ მორჩა, დასკვნითი ათწუთეული კი საერთოდაც სტუმრებმა მოიგეს.
სერბეთთან ჯახის შემდეგ აშკარად გადაღლილმა ქართველმა კალათბურთელებმა სასურველი სიზუსტით ვეღარ ესროლეს, ფრანგებს კი საპირისპიროდ მიზანი გასწორებული ჰქონდათ. მათ 52-დან 30 ორქულიანი ჩააგდეს, 18-დან 7 სამქულიანი გამოიყენეს და 7-დან 5 საჯარიმო მიითვალეს. ამ ფონზე ქართველების სტატისტიკა ასეთი იყო: 52-დან 19 ორქულიანი, 21-დან 4 სამქულიანი, 24-დან 21 საჯარიმო.
შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრებმა გაცილებით მეტი ჯარიმა ესროლა და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. ფრანგებმა თამაშის წესები 19-ჯერ დაარღვიეს, ქართველები კი გაცილებით აკურატულად ირჯებოდნენ და მხოლოდ 13 პერსონალური ფოლი მიიღეს. აქედან 4 ჯარიმა გიორგი ცინცაძის გახლდათ, დანარჩენთაგან კი 2 ფოლზე ზევითაც კი არავინ ასულა.
თუკი სტატისტიკაზე საუბარს განვაგრძობთ, აღვნიშნავთ, რომ მასპინძლებმა მოხსნებში 35:25 გვაჯობეს, პასებში – 26:9 და ეს, ყველაზე თვალში საცემია, ჩაჭრებში – 11:7 და დაფარებებში – 1:0, ამასთან ქართველ კალათბურთელებს ფრანგებზე ორით მეტი დაკარგვა ჰქონდათ – 13:11 და სამწამიანი ზონაშიც ძალიან დავიჩაგრეთ: 22 ქულა 46-ის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების სამარქაფო კალათბურთელებმა მასპინძელთა სათადარიგოების 38 ქულის წილ 24 ჩააგდეს და აქედან ზუსტად ნახევარი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის – რიკი ჰიკმანის გახლდათ. ამ უკანასკნელმა მცირე ტრავმა მოიშუშა და რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულადაც გაისარჯა, თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ თავი ბოლომდე არ დაუტვირთავს, ამდენად, სამომავლოდ მისგან მეტს უნდა ველოდეთ.
სათადარიგოთაგან აღსანიშნავია ნიკოლოზ ცქიტიშვილის გარჯაც, რომელმაც 07:47 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ძირითადი ხუთეულიდან კი 10-ქულიან ზღვარს სამი კალათბურთელი გადასცდა: გიორგი ცინცაძემ 13 ქულა ქულა ჩააგდო, თუმცა ხუთივე სამქულიანი ააცილა, გიორგი შერმადინმა 12 ქულას 6 მოხსნა წაამატა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის მონაგარი 11 ქულა გახლდათ.
რაც შეეხებათ ფრანგებს, მათ სროლა ხომ წაუვიდათ და თანაც ჩინებული გუნდური თამაშიც ანახეს. პასებზე ზემოთაც ვთქვით, შესაბამისად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მათგან 10 ქულაზე მეტი ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ამასთან, ვინსენ კოლეს დიდად არ დაუტვირთავს გუნდის უმთავრესი ვარსკვლავი ტონი პარკერი. “სამ ანტონიო სპურზის” უკანახაზელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და მხოლოდ 2 ქულით დაკმაყოფილდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს, საკონტროლო მატჩების მხრივ კი გარკვეული პაუზა ექნება. ქართველი კალათბურთელები საფრანგეთიდან 19 აგვისტოს გამთენიისას ჩამოვლენ, რის შემდეგაც თბილისში ოთხდღიან შეკრებას გაივლიან და მორიგი ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ისრაელისკენ გაემგზავრებიან. კოკოშკოვის შეგირდებს ებრაელებთან სპარინგები 26 და 28 აგვისტოს ეილატსა და ჰაიფაში ელით, 1 სექტემბერს კი ჩვენი გუნდი კაუნასში მასპინძელ ლიტვას ეთამაშება და ეს, სრულიად ევროპული მოსამზადებელი ციკლის ბოლო საკონტროლო მატჩი იქნება.
ანტიბის საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში. “აძურ არენა”. 5 200 მაყურებელი
საფრანგეთი – საქართველო 86:71 (24:19, 24:12, 20:20, 18:20)
საფრანგეთი: პეტრო (21 წ. 9 ქ. 8 მ. 3 პ.), პარკერი (17 წ. 2 ქ.), დე კოლო (23 წ. 11 ქ. 4 მ.), დიაუ (22 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ჟელაბალე (18 წ. 12 ქ. 4 მ.); ლოვერნი (15 წ. 11 ქ. 4 მ.), დიო (17 წ. 2 ქ. 6 პ.), კაჰუდი (22 წ. 8 ქ.), უერტელი (23 წ. 11 ქ.), პიეტრუსი (21 წ. 6 ქ. 4 მ.).
მწვრთნელი: ვინსენ კოლე.
საქართველო: ცინცაძე (31 წ. 13 ქ. 3 პ.), შერმადინი (26 წ. 12 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (11 ქ.), ფაცაცია (15 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ. 8 ქ. 4 მ.); ჰიკმანი (23 წ. 12 ქ. 3 მ.), მეტრეველი (7 წ. 2 ქ.), სანაძე (6 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 5 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (3 წ.), ლეჟავა (7 წ.), ფხაკაძე (10 წ. 3 ქ.), შარაბიძე (7 წ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები
16 აგვისტო
ხორვატია – ჩერნოგორია 72:60
თურქეთი – ჩეხეთი 75:68
17 აგვისტო
პოლონეთი – ისრაელი 75:72
ბელგია – იტალია 76:57
თურქეთი – ჩეხეთი 110:100
მაკედონია – ლიტვა 50:62
რუსეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 80:67
ესპანეთი – გერმანია 85:54