საფრანგეთის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი ბენჟამენ მენდი, კარიერას “მარსელში” გააგრძელებს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ამპლუით მარცხენა მცველი, რომელიც 19 წლის 17 ივლისს გახდება, აქამდე საფრანგეთის ლიგა 2-ის “ლე ავრში” გამოდიოდა. ხსენებულ კლუბში მან 57 მატჩი ჩაატარა.
მენდის კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. მას ახალ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა, როდესაც ოთხშაბათს, შვეიცარიის “სიონთან” ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში (1:1) მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
“იმედია, რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება. ასეთ კლუბში გადასვლა ჩემთვის ავანსია. ვიცი, რომ ჩემი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცო”, – თქვა მენდიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიტვაში გასამართ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის სტარტზე, 20 ივლისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სწორედ ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდება.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მენდი “მარსელის” მეორე შენაძენია. მანამდე “ველოდრომზე” საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი დიმიტრი პაიე გადაბარგდა.