საქართველოს ეროვნული ნაკრები ანტიბის საერთაშორისო ტურნირში დღეს ჩაებმება, გუშინ კი მასპინძელი საფრანგეთი სერბეთს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 78:74 (16:14, 22:11, 11:26, 20:18, 9:5) დაამარცხა. ცნობისთვის, ანტიბის სუპერთანამედროვე “აძურ არენა” სწორედ აღნიშნული მატჩით პომპეზურ ვითარებაში გაიხსნა და ტრიბუნებზე შეკრებილმა 5 ათასამდე ქომაგმა ჩინებული სანახაობაც იხილა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა გაცილებით ყოჩაღად დაიწყეს და პირველი ტაიმის თავზე 13 ქულითაც იგებდნენ, თუმცა, მე-3 მეოთხედი “ჩაუვარდათ” და ბოლო ათწუთეულს უკვე 2-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ.
დუშან ივკოვიჩის შეგირდები საერთო გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, რადგანაც საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით ადრე 7 ქულით (60:67) დაწინაურდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში ნანდო დე კოლომ – ერთი, შეუდარებელმა ტონი პარკერმა კი 2 სამქულიანი ჩააგდო და თამაშიც ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ფრანგებს საკუთარი შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ.
პარკერმა 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა და მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. მას კარგად აუბეს მხარი ალექსის აჟინკამ, მიკაელ ჟელაბალმა და ჟოფრი ლოვერნმა, რომელთაც 13-13 ქულა ჩააგდეს. ამ უკანასკნელმა 5-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო გამოიყენა და აქტივში 11 მოხსნაც ჰქონდა.
სერბთაგან ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) ნიკოლა კალინიჩმა მიითვალა, ასევე 10 ქულა ჰქონდა რაშკო კატიჩს, ნენად კრსტიჩმა 14 ქულა მიითვალა, დანილო ანჩუსიჩმა კი – 13. საინტერესოა, რომ სტუმრებს ერთბაშად 13 ჩაჭრა მოუგროვდათ, ფრანგებმა კი ბურთი 23-ჯერ დაკარგეს, თუმცა, პასებსა (19:11) და მოხსნებში (39:34) უპირატესობა მასპინძლების იყო.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ანტიბის ტურნირზე საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით 22:30 საათზე სერბეთს გაეჯიბრება. მატჩის ტექსტური რეპორტაჟისთვის თვალის მიდევნება შემდეგ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი – http://live.ffbb.com
აი, 17 აგვისტოს კი, იმავე დროს, ქართველი კალათბურთელები უკვე ფრანგების პირისპირ დადგებიან და ამ თამაშის ხილვის საშუალება გვექნება, რადგანაც შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ფრანგული Sport+ გეგმავს.
ევრობასკეტის სხვა მონაწილეთა მატჩები
ლიტვა - შვედეთი 95:64
ფინეთი - დიდი ბრიტანეთი 88:66