ფეხბურთი

15:36 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: “ძალიან მინდა ზიდანი ოდესმე “რეალის” დამრიგებელი გახდეს”

 მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რადიოსადგურ  Cadena Ser-ს ეწვია და პროგრამა el Larguero-ს მიმომხილველ ხოსე რამონ დე ლა მორენას კითხვებს უპასუხა.

 - გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ის სიახლეები აინტერესებთ, რომლებიც წინასასეზონოდ მადრიდის “რეალში” განხორციელდება. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელი მოთამაშეების შეძენას აპირებთ?

- გაზეთებში 12 შესაძლო ტრანსფერის შესახებ ამოვიკითხე. გამორიცხული არაა, ამ ფეხბურთელთაგან რომელიმე “რეალში” აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ მთავარი მწვრთნელის საკითხია გადასაწყვეტი. ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას სამშაბათიდან შევუდგები. პირადად ჩემი სურვილია, სატრანსფერო საკითხს ზინედინ ზიდანმა უხელმძღვანელოს. როდესაც მთავარი მწვრთნელს დავნიშნავთ, მან და ზიზუმ კოლეგიალურად უნდა შეარჩიონ ახალწვეულები. ერთსაც ვიტყვი, ძალიან მინდა ზიდანი ოდესმე “რეალის” დამრიგებელი გახდეს.

- კარლო ანჩელოტის თემა დაიხურა?

- მომავალი კვირის დასაწყისამდე ვერაფერს გეტყვით.

- საუბრობენ იურგენ კლოპის კასტილიაში ჩამოყვანაზეც...

- კლოპი კარგი მწვრთნელია და მისი მუშაობის სტილი მომწონს. მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, გაართმევს თუ არა იგი თავს “რეალის” მოთამაშეებთან მუშაობას. დორტმუნდში მან ხომ “დიდ ბავშვებთან” ურთიერთობისას მიაღწია წარმატებას.

- ადასტურებთ რობერტ ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებას?

- პოლონელი ფორვარდი “სამეფო თასის” ფინალზე დასასწრებად ჩამოვიდა. მასთან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ მიკითხავს, უნდა თუ არა “რეალში” თამაში.

- ჟოზე მოურინიოს როგორ დაემშვიდობეთ?

- საქმიანად. მოურინიომ ჩვენთან მუშაობისას საკუთარი რესურსი ამოწურა. ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ იგი ჩვენი კლუბისთვის სათანადო სპეციალისტი არაა. პირიქით – ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ სეუ ჟოზე საუკეთესოა იმათგან, ვისთანაც ოდესმე უმუშავიათ. მოურინიოსთვის საკომპენსაციო თანხა გადასახდელი არ გვაქვს. გასარკვევია აიტორ კარანკას საკითხი. მას საკონტრაქტო პირობით კიდევ ერთი წელი აკავშირებს “რეალთან”.

- დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ “რეალთან” ახალი, მისთვის ფინანსურად გაუმჯობესებული კონტრაქტი გააგრძელა. რა ბედი ელით კაკასა და ჩაბი ალონსოს?

- ნამდვილად ვერ გიტყვით, მიმართა თუ არა რაიმე წინადადებით რონალდუს პსჟ-მ. შეხვედრისას კრიშტიანუს ყოველთვის ვამხნევებდი. მან რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. რონალდუ სანიმუშო ფეხბურთელია, იგი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს იმსახურებს. კაკას საკითხს ზიდანი და ახალი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტენ. კაკას მეშვეობით ახალი სპონსორები შევიძინეთ. ბრაზილიელის და მისი პარტნიორების დამსახურებაა, კლუბმა 400 მილიონი დოლარის სარგებელი რომ ნახა. კაკა ტრავმებმა გააწამეს, რის გამოც შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენდა. შემდეგ მის პოზიციაზე მესუთ ოზილი მოვიდა. კაკასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ იგი ბრწყინვალე პიროვნებაა. ჩაბი ალონსოს რაც შეეხება, მას კიდევ ერთი წელი აქვს ჩვენთან ხელშეკრულების ამოწურვამდე. მისი შეცვლა ძალიან ძნელია. ჩაბი ალონსოს სამომავლო ბედსაც ზიდანი და ახალი დამრიგებელი გაარკვევენ.

- გონსალო იგუაინი ტურინის “იუვენტუსში” გადადის?

- ტურინელებთან არანაირი მოლაპარაკება არცკი გვიწარმოებია.

- გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდში უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს...

- მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობის ამოცანაა გუნდში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებს მოუყაროს თავი. მაგალითისთვის, სანტი კასორლას პოზიციაზე ოზილი და კაკა გვყავს.

- საკლუბო სტრუქტურის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- “ფორბსმა” ყველაზე შემოსავლიან საფეხბურთო კლუბად გვაღიარა. ახლა მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს არ დავჯერდეთ და დესიმას შესრულებაზე ვიზრუნოთ.

- პრესასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- გააჩნია მასმედიის რომელ წარმომადგენლებს გულისხმობთ. ზოგიერთი ჟურნალისტი მიკროფონს და კალამს პისტოლეტივით იყენებს. მადრიდის “რეალი” პრესას პრესინგის ქვეშ ჰყავს. ძალიან მინდა, ეს სიტუაცია შეიცვალოს და ჟურნალისტებთან ნაყოფიერად ვითანამშრომლოდ. ჩვენ საამისო მზადყოფნას და სურვილს ვადასტურებთ.

- ამბობენ, კრიშტიანუ რონალდუსა და იკერ კასილასს შორის დაძაბული ურთიერთობაა...

- მათ შორის დაძაბული ურთიერთობა წარსულში მართლაც სუფევდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ამ ვადის პირველ თუ მეორე წელიწადს მოხდა. შემდეგ მათ მამაკაცურად დაილაპარაკეს და კონფლიქტი 5 წუთში ამოიწურა. იკერ კასილასს არასდროს დასცდენია იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობენ კლუბში. იკერს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ვთვლი.

0.125191