ფეხბურთი

14:17 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ლამი: “ფეხბურთში მთავარი აღმაფრენით, ჟინით და გულიანად თამაშია”

 გერმანიის ნაკრების კაპიტნის ფილიპ ლამისთვის 2013 საფეხბურთო წელი მრავალმხრივ იყო აღსანიშნავი. მიუნხენის “ბაიერნმა” საკლუბო დონეზე უმთავრესი ტურნირები მოიგო, გერმანიის ნაკრებმა კი ვადაზე ადრე დაისაკუთრა მომავალი მუნდიალის საგზური. ლამმა ინტერვიუ მისცა DFB.de-ს რედაქტორ შტეფან ლუდეკს და ბრაზილიაში ჩასატარებელ ტურნირზე “ბუნდესმანშაფტის” პერსპექტივაზე ისაუბრა.

 - 2013 წელი თქვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო. მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად მოპოვებულ ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვათ, 30 წლის იუბილე გადაიხადეთ და გერმანიის ეროვნულ გუნდში გამოსვლათა რაოდენობა 100-ს გაუტოლეთ. ყველაზე მეტად მაინც რომელი მოვლენა იყო მნიშვნელოვანი?

- რასაკვირველია გუნდური მიღწევები. “ბაიერნმა” ტრიპლი გაახერხა და ეს ამბავი ჩემთვის სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი იქნება. ძალიან გამახარა სანაკრებო წარმატებამაც. “ბუნდესმანშფტმა” მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ტურნირის დასრულებამდე გაინაღდა. ერთი სიტყვით, 2013 წელი მრავალი ასპექტით გახლდათ ღირსშესანიშნავი.

- გერმანიის ნაკრების წარმატების უმთავრეს კრიტერიუმებად რომელ ფაქტორებს მიიჩნევთ?

- მეტად შეკრული გუნდი გვყავს, ტაქტიკურად სწორად მოთამაშე და ფსიქოლოგიურად გაუტეხელი. მოთამაშეებს გამოცდილება კიდევ უფრო მოემატათ და 2010 წლიდან მოყოლებული საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ. უმთავრესი კი ისაა, რომ გერმანიის ნაკრები სხვის თამაშზე კი არ რეგირებს, არამედ თავად მოქმედებს და მეტოქეს მინდორზე თავად კარნახობს პირობებს.

- მსოფლიოს ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარება მუნდიალს დამატებით დატვირთვას ანიჭებს?

- ბრაზილია განსაკუთრებული საფეხბურთო ქვეყანაა, გამორჩეული ისტორიითა და სპეციფიკით. ჩემთვის კი მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ ერთი თვის განმავლობაში ბრაზილიაში მომიწევს ცხოვრება. ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიაში გერმანიის ნაკრებს კარგად უმასპინძლებენ, ჩვენ კი გულშემატკივარს ლამაზი თამაშით გავახარებთ.

- 2010 წელს გერმანიის ეროვნული გუნდის კაპიტნად აგირჩიეს. ამით თქვენი საფეხბურთო მიდგომა შეიცვალა?

- ვფიქრობ, უფრო წინდახედული, ფრთხილი და მშვიდი გავხდი. გამოცდილებასთან ერთად “საფეხბურთო ინსტინქტები” გამიმძაფრდა და პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვაც უფრო მიადვილდება.

- გერმანელი გულშემატკივრები “ბუნდესმანშაფტისგან” ტიტულს ელიან...

- ეს ურთულესად შესასრულებელია. დიდ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი უნდა უძღოდეს წინ. ბოლო 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე მინიმუმ ნახევარფინალში გავდიოდით, ამიტომაც კარგად მესმის ჩვენი გულშემატკივრების განწყობა. გერმანიის ნაკრებს მაღალი პოტენციალი აქვს და თუ თამაში წაგვივიდა, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია. უმთავრესი ამოცანა პოტენციალის სრულად გამოყენება და გამოვლენაა.

- უპირველესად რა თვისებები უნდა გამოავლინოს გერმანიის ნაკრებმა ბრაზილიაში?

- გუნდური მოქმედება, ტაქტიკური განსწავლულობა და საბრძოლო თვისებები სრულად უნდა ავამუშავოთ. ფეხბურთში მთავარი აღმაფრენით, ჟინით და გულიანად თამაშია.

თეგებიფილიპ ლამი
0.118736