გასაგებ მიზეზთა გამო მიუნხენის “ბაიერნი” მოჭარბებულ ინტერესს იწვევს. ბავარიული გრანდი ახალი დამრიგებლის პეპ გვარდიოლას მეთაურობით მომავალი სეზონისთვის ინტენსიურ წვრთნას შეუდგა, მზადების პირველ შთაბეჭდილებას კი გულშემატკივრებს “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი უზიარებს.
- საწვრთნელი ეტაპის 10 დღე მიილია. რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ?
- ამ დროის განმავლობაში მეტნაკლებად კარგად გავიცანით ახალი მთავარი მწვრთნელი და სადამრიგებლო შტაბი. პეპ გვარდიოლას ძალიან ბევრი იდეა აქვს, რომელთა დანერგვასაც ცდილობს. იგი უდიდეს ყურადღებას უთმობს პასის კულტურასა და პოზიციურ თამაშს, ამასთან გვარდიოლასეული ტაქტიკის ქვაკუთხედი ფეხბურთელების მინდორზე მიზანმიმართული გადაადგილებაა. მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ ურთიერთგაგების კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე ვიმუშავებთ. ამასთან, იმის თქმაც მსურს, რომ ველოსიპედს თავიდან არ ვიგონებთ, მხოლოდ დეტალებს ვაუმჯობესებთ.
- მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის ურთიერთობას როგორ დაახასიათებდით?
- გვარდიოლასი კარგად გვესმის, მასთან მუშაობა სიამოვნებაა. უშუალოდ კონტაქტს რაც შეეხება, საუბარს ჯერ გერმანულად ვიწყებთ, ხოლო როცა პეპს რაღაცის სწრაფად ახსნა სჭირდება, ინგლისურად მოგვმართავს.
- ახალი სეზონის წინ “ბაიერნის” ფეხბურთელები რამდენად მოტივირებულები არიან?
- ყველანი მეტად მოტივირებულები ვართ და დამრიგებელს ჩვენი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა გვინდა. გასულ სეზონში “ტრებლი” გავახერხეთ, მაგრამ ამის გამო სულაც არ მოვდუნებულვართ. პირიქით, “ბაიერნს” კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს.
- გუნდმა მეტს რაღას უნდა მიაღწიოს?
- მშვენიერი შანსი გვაქვს, კიდევ რამდენიმე ტიტული მოვიხვეჭოთ. ერთს გპირდებით, “ბაიერნი” უარესად ნამდვილად არ ათამაშდება. კარგად მესმის, ჩემპიონთა ლიგაში უმძაფრესი კონკურენცია რომაა, მაგრამ ტიტულის შენარჩუნებას აუცილებლად შევეცდებით.
- თავად ახსენეთ, გვარდიოლას ბევრი ახალი იდეა რომ აქვს. ერთ-ერთი მათგანი კვების სპეციალისტის მონა ნემერის მიწვევაა...
- ამ ქალბატონს ჯერ კიდევ ნაკრებიდან ვიცნობ. ნემერის სამწვრთნელო შტაბში ჩართვა სარგებელს აუცილებლად მოგვიტანს. Aმიერიდან გუნდში გვყავს ადამიანი, რომელიც ზუსტად გვირჩევს, როგორ უნდა ვიკვებოთ, რათა წვრთნისა და თამაშის დროს მაქსიმუმი გამოვავლინოთ.
- გვარდიოლა მზადების პირველივე დღიდან ყველა ვარჯიშს ბურთთან ერთად ატარებს. Aმას იოლად მიეჩვიეთ?
- ეს არცთუ იოლია. თანამედროვე ფეხბურთში წვრთნისას სულ უფრო და უფრო ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ რბენას გამძლეობაზე. ჩვენი ვარჯიში მნიშვნელოვანწილად მატჩის მსვლელობას წააგავს. პრინციპში, ანალოგიური მდგომარეობა იუპ ჰაინკესის დამრიგებლობის დროსაც იყო.
- დანტე, ლუის გუსტავო, ხავი მარტინესი შვებულებაში არიან, შვაინშტაიგერი, გიოტცე და ბადშტუბერი ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობენ. მზადებისას ეს პრობლემას არ გიქმნით?
- “ბაიერნისთვის” ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ზაფხულობით ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე გვაკლდება. თუმცა, წლეულს ეს რიცხვი გაიზარდა. როდესაც ეს ფეხბურთელები წვრთნას განაახლებენ, გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამის რიტმში ჩადგომა გაუჭირდებათ. მაგრამ ერთიცაა – ექვსივე მათგანი მაღალი დონის პროფესიონალია და წინასასეზონო სირთულის დაძლევა არ გაუჭირდებათ.
- მარიო გიოტცემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კარიერის გაგრძელება “ბაიერნში” განიზრახა?
- ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი გერმანიის საუკეთესო კლუბში უნდა თამაშობდეს. სადღეისოდ ეს უძლიერესი გუნდი “ბაიერნია”, ამიტომაც გიოტცეს ჩვენთან გადმოსვლა ლოგიკურია. თუკი ახალგაზრდულ ასაკში მიუნხენში გადასვლის პერსპექტივა გაქვს, ეს შანსი ხელიდან გასაშვები არაა.
- უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის მოპოვების კანდიდატთა ათეული დაასახელა. მასში თქვენი გვარი არ ფიგურირებს. ეს იმის ბრალია ხომ არაა, სპეციალისტები და გულშემატკივრები მცველებს ნაკლებად რომ წყალობენ?
- უპირველესად მოგახსენებთ, რომ ათეულში ბასტიან შვაინშტაიგერის, ფრანკ რიბერის, არიენ რობენისა და ტომას მიულერის შეყვანით გახარებული ვარ. როგორც წესი, მცველებს ძნელად აღიარებენ ხოლმე, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. ჩემთვის უმთავრესი გუნდთან ერთად ტიტულების მოხვეჭაა. თანაც, ამას კარგად ვახერხებ.
- მანუელ ნოიერი ერთადერთი მეკარეა, რომელიც თავდაპირველად გაფართოებულ, 26 კაციან სიაში მოხვდა...
- ჩემი აზრით, მანუელი სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია. ნოიერი 28 წლისაა და წინ კიდევ მრავალი შესანიშნავი სეზონი ელის.
- ლოგიკური იქნება, თუკი წინა სეზონის გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად “ბაიერნის” წევრს დაასახელებენ...
- მეც ასე მგონია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაკრებტა კაპიტნები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებენ.
- მომავალ წელს ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. რას ელით მუნდიალისგან?
- კლიმატის გათვალისწინებით სამხრეთ ამერიკის ნაკრებებს უპირატესობა ექნებათ. ბრაზილიელები ფავორიტები არიან, მაგრამ ბუნდესმანშაფტიც მხოლოდ პირველობისთვის იბრძოლებს. მსოფლიო თასი ჩემპიონთა ლიგისას ზომით ჩამორჩება, მაგრამ მუნდიალის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასიც მომწონს (იცინის).