Punto Pelota-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FIFA-მ, “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით ფრანკ რიბერის ფოტოსესია გააუქმა. მადრიდული გამოცემის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი და “ბაიერნის” წარმომადგენლები მომხდარს იმით ხსნიან, რომ ჯილდოსთვის ბრძოლაში ფავორიტად, უკვე, არა რიბერი, არამედ კრიშტიანუ რონალდუ ითვლება.
როგორც ცნობილია, ხმის მიცემის პროცედურა 15 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ FIFA-მ ეს ვადა 29 ნოემბრამდე გადაწია. დროის ამ ორკვირიან მონაკვეთში კრიშტიანუ რონალდუს მიერ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის წყალობით, პორტუგალიელმა რიბერის ფავორიტის სტატუსი ჩამოართვა და შესაძლოა, ფოტოსესიის გაუქმების მიზეზი მართლაც ეს იყოს. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ Punto Pelota-ს ეთერში აბსურდული განცხადებები არაერთხელ გაჟღერებულა.