ფეხბურთი

9:26 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ლიორენტე: “იტალიურ ფეხბურთში ბევრს მივაღწევ”

ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ ბასკმა ფეხბურთელმა ფერნანდო ლიორენტემ წინასასეზონო მზადების პირველი ორკვირიანი ციკლი დაასრულა და გარკვეული შეჯამების პერიოდიც დაუდგა. ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილ მოთამაშეს ინტერვიუ Tuttojuve-მ ჩამოართვა.

- უპირველესად 2 თემაზე გკითხავთ – როგორ მიგიღეს “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებმა და ანტონიო კონტეს საწვრთნელ მეთოდებზე რას გვეტყვით?

- ტურინის “იუვენტუსში” წვრთნას დიდი ენთუზიაზმით შევუდექი. აქაურმა ფანებმა გულღიად და თბილად მიმიღეს. ამგვარ დახვედრას არცკი ველოდი. სადაც კი ტურინელ ქომაგებს ვხვდები, მათგან მხარდაჭერას ვგრძნობ. კონტეს მეთოდებიც მომეწონა. მართალია, ბევრს ვშრომობ და საღამოობით ფეხზე ძლივს ვდგავარ ხოლმე, მაგრამ ამგვარი ინტენსივობის ვარჯიში ყოველდღიურად გვაძლიერებს. ერთი სიტყვით, “იუვეში” ყოფნით ფრიად კმაყოფილი ვარ.

- ბოლო საწვრთნელ მატჩში 3 გოლი გაიტანეთ. მომავალ სეზონში გატანილი გოლების დაახლოებითი რაოდენობა განსაზღვრული გაქვთ?

- არა, ამგვარ რამეს წინასწარ არასდროს ვგეგმავ. ბურთების გარკვეული რაოდენობის გატანა რომ დავისახო მიზნად, სეზონის განმავლობაში ერთთავად ამ რიცხვზე უნდა ვიფიქრო, რაც თამაშში ხელს შემიშლის. ყოველმხრივ ვცდილობ, სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდე, დანარჩენს კი უშუალოდ მატჩების მსვლელობა გამოაჩენს.

- კარლოს ტევესს სათანადოდ შეეწყვეთ? საწვრთნელი შეხვედრის დროს იგრძნობოდა, რომ არგენტინელთან საერთო ენა უკვე გამონახეთ...

- მინდორზე ყველა ფორვარდთან კარგად ვურთიერთქმედებ. ტევესს რაც შეეხება, იგი ბრწყინვალე თავდამსხმელია და მისი პარტნიორობა ნებისმიერი მოთამაშისთვის ბედნიერებაა.

- ესპანელ ფეხბურთელებს იტალიის ჩემპიონატში თამაში ტრადიციულად უჭირთ. რატომ გააკეთეთ არჩევანი სერია A-ზე?

- მხოლოდ იმიტომ, რომ ტურინის “იუვენტუსში” თამაში მსურდა. “ბებერი ქალბატონი” ბრწყინვალე გუნდია და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რათა “იუვე” კიდევ უფრო ძლიერი გახდეს.

- ანტონიო კონტესგან რა რჩევა-დარიგება მიიღეთ?

- სინიორ ანტონიომ მისი გუნდის შეტევითი მოდელის კარგად ათვისება მირჩია. მეც ამ მიმართულებით ვმუშაობ და საკუთარი თამაშის “იუვეს” მანერასთან საადაპტაციოდ ვზრუნავ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩემთვის და გუნდისთვის სასიკეთოდ აეწყობა.

- ტურინში ჩამოსვლისთანავე კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თქვენც ხომ არ დაგისახავთ ანალოგიური ამოცანა?

- ჩემი და ტევესის მიზნებში თანხვედრაა – ზედიზედ მესამე სკუდეტო უნდა მოვიპოვოთ და სანუკვარი ოცნება, ჩემპიონთა ლიგის მოგება, ავიხდინოთ. საამისოდ არაფერს დავიშურებთ. დასახული ამოცანები არარეალური სულაც არაა. “იუვენტუსი” უდიდესი ტრადიციის მქომე უაღრესად ძლიერი გუნდია.

- ესპანელ ფეხბურთელთაგან იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში თავი მხოლოდ ლუისიტო სუარესმა გამოიჩინა. მოახერხებთ დამკვიდრებული სტერეოტიპის დარღვევას?

- თუკი ბევრს და მიზანმიმართულად ვიშრომებ, საკუთარ თავს იტალიაშიც სრულად წარმოვაჩენ. ახალ პარტნიორებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს იმედს გავუმართლებ. მჯერა, იტალიურ ფეხბურთში ბევრს მივაღწევ.

- საკმაოდ მოკლე ხანში ტურინელი ქომაგების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურეთ. ამას მნიშვნელოვან მომენტად თვლით?

- კლუბის ფანების მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიტყვი – ტურინელმა ფანებმა გულღიად და თბილად მიმიღეს.

- გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებული გრძნობა გეუფლებათ?

- წინა წელიწადი ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო, ამჟამად კი ყველა სირთულე უკან მოვიტოვე და ჩემი ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ “იუვენტუს სთედიუმზე” წარმატებულ გამოსვლას უკავშირდება.

- კარლოს ტევესის გარდა სხვა პარტნიორებს როგორ შეეწყვეთ? ალბათ, იმათთან ურთიერთობა უფრო გიადვილდებათ, რომლებსაც ესპანურად ესაუბრებით?

- “იუვენტუსის” ნებისმიერ წევრთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება უკვე მოვასწარი. ვფიქრობ, გუნდს სათანადოდ შევეწყვე.

- შეკრების დროს ოთახში ვისთან ერთად ცხოვრობთ?

- სტეფან ლიხშტაინერთან და მასთან დამეგობრება უკვე მოვასწარი.

- ტიტო ვილანოვას ამბავს შეიტყობდით...

- ვილანოვასა და მისი ოჯახისთვის ახლა ურთულესი პერიოდია. ტიტოს სულიერ სიმტკიცეს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ჯერჯერობით თავისუფალი დროის მწვავე ნაკლებობას განვიცდი. წინასასეზონო მზადებას დროის და ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს. სამწუხაროდ, გაზეტების წასაკითხად ვერ ვიცლი, მაგრამ ვიცი კლუბები ძლიერდებიან და წინ მეტად საინტერესო სერია A გველის.

- ბოლოს გკითხავთ, ტურინის “იუვენტუსსა” და ბილბაოს “ატლეტიკს” შორის რა პრინციპულ სხვაობას ხედავთ?

- სხვაობა მართლაც დიდია. “იუვენტუსი” “ბარსელონასა” და “რეალთან” ერთ მწკრივში უნდა მოვიხსენიოთ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადმოსვლა ჩემი კარიერის წინგადადგმული ნაბიჯია.

0.119538