ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი კარიერას "ქუინზ პარკ რეინჯერში" გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება 35 წლის ფეხბურთელი ქპრ-ს შემოთავაზებას დასთანხმდა და ლონდონელებთან ერთწლიან კონტრაქტს უახლოეს 24 საათში გააფორმებს. მანჩესტერულ გრანდში ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 200 000 გირვანქას შეადგენდა. ქპრ-ში ფერდინანდის ზუსტი ხელფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იქნება.
დიდი ხანია, ლონდონელთა თავკაცი ჰარი რედნაპი ინგლისელ მცველზე მონიტორინგს აწარმოებს და შეთანხმებას მიაღწია. ფერდინანდისთვის რედნაპთან მუშაობა უცხო ხილი არ იქნება. 1996 წელს "ვესტ ჰემის" იმდროინდელმა ინგლისელმა მწვრთნელმა, მცველის წარმატებულ კარიერას საფუძველი ჩაუყარა.
შეგახსენებთ, რომ რიო ფერდინანდი, 2002 წელს ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა, როდესაც "ლიდსიდან" "მანჩესტერში" 29.1 მილიონ გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა.
გასულ სეზონში ფერდინანდმა მხოლოდ 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 35 წლის მცველმა 454 მატჩი ჩაატარა. ფერდინანდს პრემიერლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისის ლიგის თასი ორჯერ აიღო, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
გიორგი ბალახაძე