“სანტოსისა” და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. სამხრეთამერიკული კლუბის ვიცეპრეზიდენტ ოდილიო როდრიგესის განცხადებით, ტრანსფერს წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება უძღოდა.
მხარეები საერთო ენის გამონახვას Doyen Sports-ის ხელმძღვანელობის გაჯიუტების გამო ვერ ახერხებდნენ. სწორედ ეს ინგლისური ფირმა ფლობს ანდერსონის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ “ლაციო” “სანტოსს” 4 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო Doyen Sports-ს – 3,8 მილიონს. გარდა ამისა, რომაელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შემდგომი ტრანსფერიდან აღებული თანხის 25 პროცენტს უმალ “სანტოსის” ანგარიშზე ჩარიცხავენ.