ლონდონში ATP World Tour Awards-ის ლაურეატები გამოავლინეს, თუმცა, ყველაზე მთავარი ნომინაციის, „წლის ჩოგბურთელის“ გამარჯვებულის დასახელება სეზონის შემაჯამებელი ტურნირის დასრულების შემდეგ მოხდება. ამ აღიარების კანდიდატი მხოლოდ ორია – წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებას რაფა ნადალს ან ნოვაკ ჯოკოვიჩს მიაკუთვნებენ.
დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულებს რაც შეეხება, „წლის წყვილად“ ამერიკელი ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები სცნეს. ეს ტანდემი გულშემატკივრებმაც ყველაზე პოპულარულ დუეტად დაასახელეს.
ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის შტეფან ედბერგის სახელობის პრიზი სპორტული პრინციპების და პატიოსანი თამაშის ერთგულებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში მეცხრედ როჯერ ფედერერს გადაეცა. ამასთან შვეცარიელი დიდოსტატი გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს და ქომაგების სიმპათიის პრიზი როჯერს მეთერთმეტედ გადაეცემა.
„წლის დაბრუნების“ ნომინაციაში ბადალი არ ჰყავდა რაფა ნადალს, რომელმაც წლეულს 10 ტიტული მოიპოვა. „წლის პროგრესის“ თასი რაფას თანამემამულე პაბლო კარენო-ბუსტას მიაკუთვნეს. პაბლო სეზონის დასაწყისში კლასიფიკაციაში 715-ე ადგილს იკავებდა და წლის განმავლობაში 66-ე პოზიციამდე დაწინაურდა.
გაწეული ქველმოქმედებისთვის „არტურ ეშის თასი“ ფედერერს მიაკუთვნეს. როჯერის ფონდი აქტიურ მოღვაწეობას ეწევა აფრიკის კონტინენტზე, რაც დაუფასებელ-შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ირჟი ვესელი კი პირველი ჩეხი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც „მომავალი ვარსკვლავის“ ნომინაცია მოიგო.