ჩოგბურთი

11:16 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის სენსაციური მარცხი ბენეტოსთან

როტერდამში მიმდინარე ATP 500 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 1267875 ევრო გახლავთ, მეოთხედფინალურ ეტაპზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ასპარეზობას გამოეთიშა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული როჯერ ფედერერი, რომელიც 2 სეტში დამარცხდა ფრანგ ჟულიენ ბენეტოსთან - 3:6, 5:7.

ბენეტო ფედერერისთვის იოლ მეტოქედ არასდროს მიიჩნეოდა, თუნდაც გავიხსენოთ ის დრამატული მატჩი, რომელიც 2012 წლის უიმბლდონზე გაიმართა, სადაც დიდი გაჭირვებით, 5 სეტში შეძლო ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა მეჩოგნემ ჟულიენის დამარცხება.

მათი მეოთხედფინალური შეხვედრაც ძალზე დაძაბული გამოდგა. ბენეტომ შესანიშნავად დაიწყო მატჩი და მეტოქეს მოწოდება პირველივე გეიმში აართვა და შემდეგ ორგეიმიანი უპირატესობითაც დაწინაურდა. როჯერმა დროულად მოახერხა კონცენტრირება, მესამე გეიმში ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო მეოთხეში ანგარიშიც გათანაბრდა - 2:2. თუმცა ფრანგმა ჩოგბურთელმა სეტის მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ შეძლო მეტოქის დაბრეიკება და მოულოდნელად სეტიც მოიგო - 6:3.

მეორე პარტიის სტარტიც ბენეტოს კარგი თამაშით აღინიშნა, რომელიც მალევე დაწინაურდა - 4:2. მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალზე მსუბუქად და რბილად მოთამაშე ფედერერი უეცრად აფეთქდა. მან ჟულიენის მოწოდება მშრალზე მოიგო, შემდეგ საკუთარიც მიაყოლა და ანგარიში გათანაბრდა - 4:4. ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე როჯერის მხარეს იყო, რომელმაც მე-11 გეიმში სამი ფარული სეტბოლი მიიღო, თუმცა ბენეტომ გაუძლო გამოცდას და საკუთარ მოწოდებაზე უმძიმესი გეიმი მოიგო. თითქოს ყველაფერი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა შვეიცარიელმა მოულოდნელად კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი გეიმი და ტურნირს გამოეთიშა. რადგან იგი ტურნირის გამარჯვებული გახლდათ, მან მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლით მხოლოდ 90 ქულა დაიცვა, ორშაბათს კი მას მსოფლიო რეიტინგში 410 ქულა დააკლდება.

ჟულიენ ბენეტო კი ნახევარფინალურ ეტაპზე თანამემამულე ჟილ სიმონს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ასპარეზობას სლოვაკი მარტინ კლიჟანი გამოთიშა 6:7, 6:3, 3:0 (კლიჟანის უარი).

 

გიორგი ბარბაქაძე

0.1188