ჩოგბურთი

20:47 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის და სერენას დამაჯერებელი სტარტი, რაონიჩის რეკორდი

32 წლის როჯერ ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობაზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. შვეიცარიელმა სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს 6:2, 6:4, 6:2 მოუგო, რითაც სადიდსლემო ტურნირების პირველ წრეში ზედიზედ 44-ედ იმარჯვა, ხოლო ტყუპი ბიჭების მამად გახდომის შემდეგ პირველ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.

ფედერერ-ლაცკოს მატჩი საათსა და 24 წუთს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ როჯერმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “ყველაფერი იდეალურად აეწყო. მოხარული ვარ, სასტარტო მატჩში ასე დამაჯერებლად და სწრაფ ტემპში რომ ვითამაშე. ასპარეზობას თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდი. როგორც იცით, პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი მშვენივრადაა, ჩემი ოჯახი მთლიანი შემადგენლობით პარიზშია”.

მეორე წრეში ფედერერი არგენტინელ დიეგო სებასტიან შვარცმანს გაეჯიბრება.

ამასობაში კანადელმა მილოშ რაონიჩმა “როლან გაროსის” პირველ წრეში 27 ეისი შეასრულა და მიმდინარე სეზონში გრუნტის კორტზე ჩატარებულ მატჩებში ამ საჩოგბურთო ელემენტის რეკორდი დაამყარა. ჩერნოგორიული წარმოშობის 23 წლის კანადელმა კვალიფიკაციამოვლილ ნიკ კირგიოსს 6:3, 7:6, 6:3 მოუგო.

ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა სასტარტო შეხვედრაში ფრანგ ალიზე ლიმს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო - 6:2, 6:1. უილიამს-უმცროსმა 4-4 ბრეიკი და ეისი შეასრულა.

0.118725