33 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ნიუ იორკში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში ავსტრალიელი სემუელ გროტის 6:4, 6:4, 6:4 დამარცხებით გავიდა. მატჩი საათსა და 48 წუთს გაგრძელდა, სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგე კი ესპანელი მარსელ გრანოლიერსია.
გროტის ძლევის შემდეგ ფედერერმა საკუთარი საჩოგბურთო კარიერა ქალთა შორის რეიტინგიის ლიდერის, სერენა უილიამსისას შეადარა: “ორივე 17-17 სადიდსლემო შეჯიბრება გვაქვს მოგებული. უკვე მრავალი წელია, საჩოგბურთო ტოპ-ელიტაში შევდივართ. სერენა ბრწყინვალე მოთამაშეა. ხშირად იგი ქალთა შორის ტოტალურად დომინირებს, რაც ჩოგბურთისთვის ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. ვფიქრობ მე და უილიამს-უმცროსი ერთნაირი სიჩქარით ვაწოდებთ. ჩვენ შორის სხვაობა კი ისაა, რომ მე სულ ტურში ვარ, სერენა კი ტრავმის გამო შიგადაშიგ ისვენებს. ამასთან, როდესაც იგი საბრძოლო ფორმაშია, სერენას შეჩერება შეუძლებელია”.