მომავალი წლის დასაწყისიდან სტარტს დევისის თასის ახალი გათამაშება აიღებს. 2014 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სერბეთი მერვედფინალურ მატჩს უმასპინძლებს, რომლებშიც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის თანანაკრებელებს შვეიცარიელი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი სერბთა ქალაქ ნოვი სადში ჩატარდება.
შვეიცარიელთა ლიდერმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დაიცავს თუ არა საკუთარი ქვეყნის საჩოგბურთო ღირსებას სერბთა წინააღმდეგ დანიშნულ მატჩში: “უახლოეს მომავალში ყველა შეიტყობს, ჩემ პოზიციას დევისის თასზე გამოსვლის თაობაზე. სადღეისოდ რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია”.
სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა, 32 წლის ფედერერმა შვეიცარიის ნაკრებში ბოლოს 2012 წელს მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში, ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ითამაშა და ბენილუქსელ მეტოქეებს, ტიმო დე ბაკერსა და რობინ ჰაასეს მოუგო.
შეგახსენებთ, სერბებმა წლეულს დევისის თასის ფინალამდე გააღწიეს და გადამწყვეტ მატჩში მოქმედ ჩემპიონ ჩეხებთან წააგეს. შვეიცარიელებს რაც შეეხება, მათ როჯერ ფედერერის გარეშე ასევე ჩეხებთან დათმეს, ოღონდ გაცილებით უფრო ადრეულ სტადიაზე, მერვედფინალში. ჩეხებმა სერბებსაც და შვეიცარიელებსაც ერთნაირი ანგარიშით, 3:2 მოუგეს.