ჩოგბურთი

10:00 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების ორსეტიანი მოგებები

მსოფლიოს კლასიფიკაციაში სადღეისოდ მეხუთე პოზიციაზე მყოფი როჯერ ფედერერი მაიამის “მასტერზ1000”-ის მერვედფინალში ჰოლანდიელი ტემო დე ბაკერის 6:3, 6:3 დამაჯერებელი მოგების შემდეგ გავიდა. 32 წლის შვეიცარიელის მომდევნო მეტოქე ფრანგი რიშარ გასკეა.

რეიტინგსიის 162-ე საფეხურზე მყოფი ბენილუქსელის დასამარცხებლად ფედერერს საათი ეყო. როჯერმა 3 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა, დე ბაკერთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 3:0 გახადა.

ასევე იოლად გაიკაფა გზა მერვედფინალისკენ კლასიფიკაციის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა. 31 წლის ვალენსიელმა იტალიელ ანდრეას სეპის შანსი არ დაუტოვა – 6:3, 6:2. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ფერერი მეექვსედ შეხვდა სეპის და მეექვსედაც მოახერხა 30 წლის აპენინელის ძლევა.

ფედერერისა და ფერერის მსგავსად 2 სეტით იმარჯვა შოტლანდიელმა ენდი მარეიმაც. ბრიტანელმა ესპანელ ფელისიანო ლოპესს 6:4, 6:1 მოუგო და მერვედფინალში აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.

ამასობაში პრესაში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მარეის მწვრთნელი ავსტრალიელი სპეციალისტი დარენ კეჰილი გახდება. შეგახსენებთ, გასულ კვირას ენდიმ თანამშრომლობა შეწყვიტა ივან ლენდლთან, რომლის დამრიგებლობითაც 2012 წელს აშშ-ის ღია პირველობა და ლონდონის ოლიმპიური თამაშები, 2013-ში კი უიმბლდონი მოიგო. კეჰილი მარეის მწვრთნელი ადრეც იყო, უწინ კი ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტსა და ანდრე აგასისთან თანამშრომლობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10171