ჭადრაკი

16:05 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას პირველი მარცხი

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის სტარტზე მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ლევან ფანცულაიამ (2606) პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა.

ფანცულაიამ შავი ფიგურებით ბანგლადეშის წარმომადგენელ ალ-რაკიბ აბდულასთან (2518) წააგო და 2.0 ქულით მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ლევანი თეთრებით ინდოელ ნიკილ შიამს (2431) გაეჯიბრება.

ზედიზედ მე-3 პარტია დაასრულა ყაიმით მიხეილ მჭედლიშვილმა (2639). ამჯერად, იგი შავი ფიგურებით ინდოელ კრიშნას (2317) დაუზავდა და 1.5 ქულით 39-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. მე-5 ტურში მჭედლიშვილი თეთრებით კიდევ ერთ მასპინძელ პონუსვამი კონგუველს (2347) ეთამაშება.

ამჟამად, კოლკატას ტურნირს ქულათა მაქსიმუმით 4 მოჭადრაკე ლიდერობს. ესენი ინდოელები ვიდიტი (2602), კუნტე (2439) და დეეპანი (2496) და ხსენებული ბანგლადეშელი აბდულა არიან.

0.118477