ინდურ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 10 ტურის თავზე მოწინავეთა რიგებში მყოფ ქართველ მოჭადრაკეებს უზბეკი მონაწილეც შეუერთდა. ლევან ფანცულაიას (2563), მიხეილ მჭედლიშვილს (2645) და ფარუხ ამონატოვს (2616) 8-8 ქულა მოუგროვდათ და ლიდერთა სამეულს სწორედ აღნიშნული მიმდევრობით აკომპლექტებენ.
გასულ ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით სომეხ ზავენ ადრიასიანს (2608) დაუზავდა, მჭედლიშვილმა კი თეთრებით თანამემამულე მერაბ გაგუნაშვილს (2592) სძლია. შედეგად, ამ უკანასკნელს 6.5 ქულა შერჩა და 138 მონაწილეს შორის მე-18 ადგილამდე დაქვეითდა.
დასკვნით მე-11 ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით ხსენებულ ამონატოვს გაეჯიბრება, მჭედლიშვილი შავებით ანდრიასიანს ეთამაშება, ხოლო გაგუნაშვილი თეთრებით ინდოელ ლაქსმანს (2428) დაუპირისპირდება.
მუმბაის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 28 000 დოლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 7 000-მდე მიიღებს.