კალათბურთი

23:33 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” “შარლოტ ბობქეთსთან” 92:101 წააგო, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მასპინძელთა მხრიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო – 38:21 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 9 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა. ზაზამ ბურთი ორჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლიც მიიღო.

მილუოკელთა რიგებში საუკეთესო ბრენდონ ნაიტი იყო 21 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით, ხოლო რამონს სეშნსმა 18 ქულას 6 პასი წაამატა. შარლოტელთაგან კემბა უოკერის (21 ქულა, 8 პასი) და ალ ჯეფერსონის (20 ქულა, 7 მოხსნა) გარჯა უნდა გამოვარჩიოთ.

“ბაქსს” 13 მოგების წილ 54 მარცხი მოუგროვდა და ნბა-ში კვლავაც უარეს გუნდად რჩება. მილუოკელები მომდევნო შეხვედრას პორტლენდში “ტრეილ ბლეიზერსის” წინააღმდეგ 19 მარტის დილას ჩაატარებენ.

0.117657