კალათბურთი

11:40 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის დამარცხებამდე ცოტა დააკლდა. მილუოკელები “ინდიანა პეისერზს” შინ დაუხვდნენ და 102:104 წააგეს, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ ვოგელმა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრი (პოლ ჯორჯი, ლენს სტივენსონი, დევიდ უესტი, ჯორჯ ჰილი და როი ჰიბერი) დაასვენა.

გასულ შეხვედრაში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც გაისარჯა – ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ზაზამ 32:45 წუთში 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 15 ქულას 9 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ტრავმებით გაწამებულმა “ბაქსმა” ინდიანელების წინააღმდეგ მხოლოდ 8 კალათბურთელის ამარა ითამაშა, რომელთაგან საუკეთესო ბრენდონ ნაიტი იყო 25 ქულით და 10 პასით, ორმაგ დუბლს (13 ქულა, 17 მოხსნა) გამორჩა ჯეფ ედრიენი, ხოლო რამონ სეშენსმა კი 20 ქულა ჩააგდო. ისიც ვთქვათ, რომ მილუოკელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მინიმუმ 13 ქულა მოაგროვა.

ლიდერების არყოფნაში, “პეისერზის” მეთაურობა საკუთარ თავზე ლუის სკოლამ და ევან ტარნერმა აიღეს. არგენტინელმა ფორვარდმა 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო ამერიკელმა მცველმა გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი შესძინა.

“მილუოკიმ” 14 მოგების წილ 64-ე მარცხი განიცადა და არახალი ამბავია, რომ ეს კლუბის ისტორიაში უარესი შედეგია. ფაჩულიას კლუბს რეგულარული სეზონის ბოლომდე 4 მატჩი ელის და დიდი ალბათობით, ანტირეკორდი კიდევ უფრო დამძიმდება.

“ბაქსს” მომდევნო შეხვედრა 12 აპრილს შინ “კლივლენდ კავალიერსთან” ელის, 13-ში “ვაშინგტონ უიზარდსს” ესტუმრება, 15-ში ტორონტოში “რეპტორზს” გაეჯიბრება, ხოლო 17-ში სეზონს შინაურ კედლებში ფაჩულიას ყოფილი კლუბის “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ თამაშით “დახურავს”.

თუკი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი სათადარიგოებით თამაშზე არის გადასული, იგივე აზრზე არაა “ჩიკაგო ბულზის” თავკაცი ტომ ტიბოდო, ეს კი შანსს “ხარების” ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას ართმევს.

საქართველოს ნაკრების წევრი მოედანზე არც მინესოტაში გამართულ მატჩში გამოჩენილა, რომელიც სტუმრებმა 102:87 მოიგეს, შეხვედრის გმირი კი ჩიკაგოელთა ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა გახდა, რომელმაც სეზონში მე-4 სამმაგი დუბლი (15 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი) მიითვალა და ამით, ინდიანელ ლენს სტივენსონს გაუტოლდა.

“ჩიკაგომ” 32 მარცხის წილ 46 მოგება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე მყოფ “ტორონტო რეპტორზს” გაუტოლდა. ტიბოდოს მიერ ლიდერების ბოლომდე “გამოწურვაც” აღნიშნულის ბრალი უნდა იყოს.

თუკი “ბულსი” მე-4 პოზიციაზე დარჩება, დიდი ალბათობით, პლეი ოფში “ბრუკლინ ნეთსს” ეთამაშება, მე-3 ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, მეტოქედ “შარლოტ ბობქეთსი” ან “ვაშინგტონ უიზარდსი” ეყოლება, რაც გაცილებით მიმზიდველად მოსჩანს.

0.11822