კალათბურთი

14:47 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკიმ” ზედიზედ მე-7 მარცხი განიცადა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი გამართა და უიმედოდ წააგო. მილუოკელები “სლიპ ტრეინ არენაზე” “საკრამენტო კინგზს” ესტუმრნენ და 107:124 წააგეს. თამაშის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები 39:16 გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 19:51 წუთი გაატარა. საქმე ის გახლდათ, რომ ქართველმა ცენტრმა მე-3 მეოთხედის შუაწელს უკვე მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო და ვინაიდან თამაშის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, მილუოკელთა მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუს ზაზას მოედანზე დაბრუნება საჭიროდ აღარ ჩაუთვლია.

აღნიშნულ დროში ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა და 8 ქულას დასჯერდა, რასაც 3 მოხსნა წაამატა. ამასთან ერთად, ქართველ კალათბურთელს პასივში 2 დაკარგვაც ჰქონდა.

“ბაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი სათადარიგო ო ჯეი მაიო იყო 21 ქულით, საკრამენტოელთაგან კი ფაჩულიას ვიზავი დემარკუს კაზინსი (32 ქულა, 12 მოხსნა) და აიზია ტომასი (30 ქულა, 8 პასი) გამოირჩნენ.

მილუოკელებმა 13 მოგების წილ 57-ე მარცხი განიცადეს და თანაც, ეს გუნდისთვის უკანასკნელ 11 შეხვედრაში მე-10 წარუმატებლობა (ზედიზედ მე-7) იყო. ფაჩულიას კლუბი ლიგის უარეს გუნდად რჩება, მომდევნო თამაში კი 25 მარტის დილას ლოს ანჟელესში “კლიპერსთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115476