კალათბურთი

13:13 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკიმ” ნიუ იორკში წააგო, “ჩიკაგომ” კი “საკრამენტო” დაამარცხა

გამთენიისას, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართელის გუნდმა და ტრადიციული სცენარი გათამაშდა: ზაზა ფაჩულიას გუნდი დამარცხდა, თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” კი იმარჯვა, ოღონდ ქართველი ფორვარდის დაუხმარებლად.

“მილუოკიმ” სეზონის 53-ე წაგება “მედისონ სკვერ გარდენში” “ნიუ იორკ ნიქსთან” განიცადა. ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ისე წააგო, ბოლომდე იბრძოლაო, ვერ ვიტყვით. ნიუიორკელებმა პირველი ტაიმი 18 ქულით მოიგეს და საფინალო სირენამდე ისე მივიდნენ, სტუმართაგან საფრთხე არ დამუქრებიათ – 115:94 იმარჯვეს.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე 19:33 დაჰყო. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ჯამში 4 ქულა დააგროვა და ამას 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. საერთოდ, მილუოკელებმა შედეგიანობა ვერ გამოავლინეს. ყველაზე მეტი – 15 ქულა ნეიტ ვოლტერსმა დააგროვა.

“მილუოკი” მომდევნო მატჩს შინ “შარლოტთან” გამართავს, რის შემდეგაც დასავლურ ტურნეში გაემგზავრება. რაც შეეხება “ჩიკაგოს”, შენგელიას გუნდმა დასავლეთის ერთ-ერთ მაჩანჩალა “საკრამენტოს” უმასპინძლა და გვარიანი გაჭირვებით – 94:87 დაამარცხა.

შენგელია განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. ჩიკაგოელებს დიდად წაადგათ ჟოაკიმ ნოას თითქმის სამმაგი დუბლი – 23 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი. ასევე ტაჯ გიბსონის 27 წუთში მოხვეჭილი 19 ქულა და 9 მოხსნა.

37 მოგებით და 29 მარცხით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საპატიო ადგილზეა და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 16 მატჩში მთავარ მიზნად ოდნავ წინ მყოფი “ტორონტოს” გადასწრება აქვს. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 18 მარტს, შინ, “ოკლაჰომასთან” გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127784