კალათბურთი

16:23 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკიმ” 8-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ზედიზედ განცდილი 8 მარცხის შემდეგ, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მობილიზება მოახერხა და ტრავმიანობის მიუხედავად, “ლოს ანჟელეს ლეიკერსს” 108:105 სძლია. საინტერესია, რომ საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე საქართველონს ნაკრების კაპიტანმა ორქულიანი ჩააგდო და მასპინძლები 107:102 დააწინაურა, რითაც ფაქტობრივად, თამაშის ბედიც გადაწყდა.

ცნობისთვის, მშობლიურ “ჯარის ბრედლი სენთერში” 15 439 მაყურებლის თვალწინ გამართულ მატჩში, მილუოკელთა თავკაცმა ლარი დრიუმ მხოლოდ 8 კალათბურთელი დატვირთა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.

ტრავმა მიიღო “ბაქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა – თურქმა ერსან ილიასოვამ და იგი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. დაშავებულნი არიან ო ჯეი მაიო, ნეიტ ვოლტერსი, ლარი სანდერსი და კარლოს დელფინოც, მიროსლავ რადულიცას და დი ჯეი სტივენსის თამაშში ჩართვა კი თავად მწვრთნელს არ უფიქრია.

ამას გარდა, თამაშის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო “ბაქსის” ბერძენმა ახალწვეულმა იანის ანტეტოკოუნმპომაც, რომლის ბედიც უახლოეს პერიოდში გაირკევვა...

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:23 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მილუოკელთაგან 10 და მეტი ქულა 6 კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესო კი ბრენდონ ნაიტი იყო, რომელმაც თითქმის შეუცვლელად (45:36) ითამაშა და 30 ქულა ჩააგდო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ლეიკერსელი ჰორდან ჰილი გახდა, რომელმაც “მსუყე” ორმაგი დუბლი (28 ქულა, 16 მოხსნა) მიითვალა.

“ბაქსმა” 58 მარცხის წილ მე-14 გამარჯვება იზეიმა და ლიგის უარეს გუნდად რჩება, თუმცა კი, “სიქსერზის” დაწევის შანსი გაუჩნდა. ფილადელფიელებს 15 მოგება გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. “მილუოკის” მომდევნო მატჩი, შინ, 30 მარტის დილას ლიგის მოქმედ ჩემპიონ “მაიამი ჰითთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117761