კალათბურთი

14:54 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკი” “გოლდენ სტეიტთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ისევ ბრძოლაში წაგებული მატჩი – ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” განურჩევლად სიძლიერისა, ნებისმიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრება, მაგრამ ღირსეულ ბრძოლაში უმეტესწილად დამარცხებული გამოდის. ასე იყო 2 დღის წინ პორტლენდში და ასე მოხდა დღეს, გამთენიისას ოკლენდში, სადაც “ბაქსი” ”გოლდენ სტეიტს” შეხვდა და მატჩი 110:115 დათმო.

მილუოკელები მთელი მატჩის განმავლობაში არაფერში ჩამორჩებოდნენ მასპინძლებს და ბოლო წუთზე სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს. დასკვნით ეპიზოდში მატჩის ბედი გოლდენსტეიტელთა სნაიპერებმა – კლეი ტომპსონმა და სტივ კარიმ გადაწყვიტეს. პირველმა 2 შორეული ორქულიანი ჩააგდო, მეორემ კი ეგრედწოდებული “ენდ ვანით” 3 ქულა მიითვალა, რამაც მილუოკელების ბრძოლისუნარიანობას ეფექტი დაუკარგა.

“მილუოკის” შვიდმა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა და სამწუხაროა, რომ მათ შორის ვერ მოხვდა ქართველი ცენტრი. ზაზა ფაჩულია სასტარო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 25:35 წუთი გაატარა. ზაზა მწვრთნელმა მატჩის დასკვნითი 6 წუთი შეუცვლელად ათამაშა და ქართველმაც არაერთი სასარგებლო პასი და მოხსნა მიითვალა, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, გოლდენსტეიტელთა სნაიპერებმა მილუოკელთა შედარებით ნელ და ძალისმიერ შეტევებს აზრი დაუკარგეს.

ზაზამ 4-დან 3 ორიანი ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. საუკეთესო შედეგი ბრენდონ ნაითმა (27 ქულა) აჩვენა, რამონ სეშენსმა 18 დააგროვა, ხოლო ოთხმა კალათბურთელმა პირად ანგარიშზე 11-11 ქულა ჩაიწერა. ჯონ ჰენსონმა მილუოკელებს 13 ქულა შესძინა. “გოლდენ სტეიტში” კარიმ 31 ქულა და 11 პასი მიითვალა, ტომპსონმა კი მილუოკელები 29 ქულით “დასეტყვა”.

13 მოგებითა და 56 წაგებით “მილუოკი” ლიგის აუტსაიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 23 მარტს საკრამენტოში “კინგზთან” გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11386