კალათბურთი

1:29 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანს უახლოეს პერიოდში უნდა დაუბრუნდეს. როგორც ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიმომხილველი ჯიმ პაშკე იტყობინება, ზაზამ ტრავმა მოირჩინა და გუშინ თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობის რეჟიმში გახლდათ, ახლა კი, ნანატრი დაბრუნება შორს აღარ უნდა იყოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში “ბაქსში” ტრავმების ნამდვილი ეპიდემიაა. მაგალითად, მილუოკელთა გასულ მატჩში, რომელიც კლუბმა შინ “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” 86:114 დათმო, მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ მოედანზე მხოლოდ 9 კალათბურთელის გაყვანა მოახერხა.

ქართველი ცენტრის გარდა, ამჟამად, ”ბაქსის” ლაზარეთში ო ჯეი მაიო, გარი ნილი, ლარი სანდერსი, ეკპე უდო და კარლოს დელფინო იმყოფებიან. გასაკვირი არაა, რომ ზაზას გუნდს ამჟამად მხოლოდ 8 გამარჯვება გააჩნია (36 მარცხის წილ) და მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

“ბაქსი” მომდევნო მატჩს 30 იანვრის დილას ისევ მილუოკიში “ფინიქს სანზის” წინააღმდეგ ჩაატარებს და იმედია, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თუნდაც რამდენიმე წუთით, უკვე ამ თამაშში ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113309