კალათბურთი

16:57 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია საუკეთესოთა ათეულში

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის თავზე ფიბა-ევროპას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საუკეთესო მოთამაშეთა ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთთან მოგებულ (73:62) მატჩში ქართველთა კაპიტანმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 23 გახლდათ, რითაც მან ათეულში მე-8 ადგილი დაიკავა.

ზაზამ 19 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

შესარჩევი ციკლი პირველი დღის შედეგებით, საუკეთესო მაჩვენებელი (კოეფიციენტი 35) ისლანდიელ ჰაუკურ პალსონს აღმოაჩნდა. 22 წლის ფორვარდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი შვედურ “ბასკეტთან” გააფორმა (მანამდე ესპანურ “მანრესაში” და “ბეოგან ლუგოშიც” უთამაშია), დიდ ბრიტანეთთან მოგებულ (83:70) თამაშში 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი მიითვალა, ამასთან, მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, პალსონმა ნაკრებში 24 ქულა გასულ ზაფხულს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთთანაც ჩააგდო, თუმცა, მაშინ ფარზე ასე აქტიური არ ყოფილა, თანაც, ამჯერად თამაშიდან 14-დან 9 ტყორცნა გამოიყენა.

სარგებლიანობის ერთნაირი კოეფიციენტი (32) აღმოაჩნდათ ბელარუს ალიაკსანდრ პუსტაჰვარს და ისრაელის ნაკრების ლიდერ ომრი კასპის.

სხვა საქმეა, რომ ბელარუსებმა დანია 97:72 გაანადგურეს, ნეიტრალურ მოედანზე (კვიპროსში) მოთამაშე ისრაელმა კი ოვერტაიმში დრამატული მარცხი განიცადა ჩერნოგორიასთან – 97:100.

29 წლის პუსტაჰვარმა 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და მასპინძლებს 24 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ქულებსა და მოხსნებში, ეს ალიაკსანდრის საუკეთესო მაჩვენებელია 2008 წლის ანუ მას შემდეგ, რაც მან ეროვნული გუნდის მაისური მოირგო.

შეუდარებელი იყო კასპიც, რომელმაც თამაშიდან 16-დან 9 სროლა გამოიყენა და 28 ქულას 10 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

კასპიმ მოედანზე 42 წუთი გაატარა, რაც ნაკრებში მისი სარეკორდო დროა. ცნობისთვის, ომრიმ ებრაელთა მაისური პირველად 2003 წლის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე მოირგო, როდესაც მხოლოდ 14 წლის (!) გახლდათ.

კასპის 28 ქულა შესარჩევი ციკლის პირველი დღის საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა, ისრაელის ნაკრების მსუბუქ ფორვარდს უკეთესი მატჩებიც ჰქონია. მას 35 ქულა ორჯერ აქვს ჩაგდებული, მოხსნების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი (13) კი 2013 წლის ევრობასკეტზე გერმანიასთან მატჩში დაუფიქსირებია.

0.116106