საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, შესაძლოა, კარიერა “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში” გააგრძელოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას www.CSNNW.com ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მოლაპარაკებები დაწყებულია და ვინაიდან ინტერესი ორმხრივია, დიალოგი უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
გასულ სეზონში “ბლეიზერსი” მთელს ნბა-ში დაცვის მხრივ ერთ-ერთი უარესი გუნდი გახლდათ. ქართველი ცენტრის ძლიერ მხარედ სწორედ დაცვაში კარგი თამაში ითვლება, ამდენად, პორტლენდელები ზაზას გადაბირებით ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრას გეგმავენ.
“ფაჩულია ბლოკ-შოტების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა, ყოველთვის იცის, დაცვაში დროის რა მომენტში რა ადგილას უნდა იყოს. იგი არც ხისტ ფოლებს ერიდება, რასაც ხშირად სასიკეთო შედეგი მოაქვს”, - ყოველივე ამის გათვალისწინებით, Comcast Sportsnet-ზე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ზაზა პორტლენდელთა სასტარტო და არა სათადარიგო ცენტრად იქცეს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფაჩულიამ ბოლო 8 სეზონი “ჰოუქსის” რიგებში გაატარა და მისი საშუალო მონაგარი 6.8 ქულა და 5.5 მოხსნა იყო. ზაზას არაერთხელ განუცხადებია, რომ ატლანტა მისი მეორე სახლია, თუმცა, ბოლო პერიოდში, ძირითადად სამარქაფო კალათბურთელი გახლდათ, ამასთან, სწორედ დღეს ანუ 1 ივლისს იგი თავისუფალი აგენტი გახდა, ამდენად, არაერთ საინტერესო წინადადებას უნდა ელოდეს.
როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, ყველაზე მეტად “ბლეიზერსი” აქტიურობს, რომელიც ქართველის პარალელურად შეხვედრის გამართვას კრის კამანთანაც გეგმავს. გერმანიის ნაკრების კალათბურთელი გასულ სეზონში “დალას მავერიქსში” ირიცხებოდა, ახლა კი, ისიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.