კალათბურთი

15:55 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია და სანიკიძე ტურის საუკეთესოთა შორის

ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის დასკვნითი – მე-6 ტურის მატჩები შედგა და პირველად ამ ციკლში, საუკეთესოთა შორის 2 ქართველი კალათბურთელი მოხვდა – ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ გასული ტურის თამაშში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 71:59 დაამარცხა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ფინალურ ეტაპზე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილით გააღწია.

პორტუგალიასთან მატჩში საუკეთესონი ფაჩულია და სანიკიძე იყვნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და ცენტრისთვის ესოდენ იშვიათ სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა – 15 ქულა, 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 9 პასი.

ზაზამ 14-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ფაჩულია სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26-ს უწია და ტურის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის მე-6 შედეგი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესოთა შორის (მე-8 ადგილით), პირველი საშეჯიბრო დღის თავზეც მოხვდა, როდესაც ჩეხებთან 19 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

ზაზას მცირედით ჩამორჩა (კოეფიციენტი 24) და მე-7 საფეხურზე აღმოჩნდა სანიკიძე, რომელმაც 34 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ შეცდა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ტურის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული ბელგიელ აქსელ ერველეს ერგო, რომელმაც დანიასთან სტუმრად მოგებულ (63:77) შეხვედრაში ჩინებულად ითამაშა. 31 წლის ფორვარდმა 36 წუთში 24 ქულა (თამაშიდან 18-დან 11 ტყორცნა გამოიყენა), 12 მოხსნა, 4 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და მისი სარგებლოანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა.

ერველეს მცირედით ჩამორჩა ბოსნიელი ელმედინ კიკანოვიჩი (კოეფიციენტი 34), რომელმაც ისლანდიასთან 34 წუთში 24 ქულა (16-დან 10), 16 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. კიკანოვიჩის წინამღოლობით, ბოსნიელებმა კუნძულზე 78:70 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125152